"ოცნების" გადაწყვეტილებას, მედიას სასამართლო დარბაზები დაუხუროს, მოქმედი მოსამართლეები აკრიტიკებენ
მედია სასამართლოში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებს. ცვლილების შემდეგ სატელვიზიო კამერებს სასამართლოს დარბაზში, დერეფნებსა და ეზოში მუშაობა აეკრძალებათ.
სინდისის პატიმარი, ნიკა კაცია დარწმუნებულია, რომ "ქართულმა ოცნებამ" სადამსჯელო მექანიზმი პროცესის აბსურდულობის გამო აამოქმედა. "ოცნებამ" თავადაც იცის რომ ვერც ერთ დაკავებულს დანაშაულს ვერ უმტკიცებს, თავზე ჩამონგრეული საქმეების პროცესების გადაღება და მთელი საქართველოსთვის ჩვენება კი მათ ინტერესებში არ შედის.
"ქართულმა ოცნებამ" თავდაპირველად განაცხადა, რომ სასამართლო თავად გადაიღებდა პროცესებს, ან რომელიმე მედიას უფლებამოსილებას მიანიჭებდა, რომ ვიდეოგადაღება უზრუნველყო, თუმცა დღეს ესეც შეიცვალა. ამიერიდან, მხოლოდ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ექნება უფლება გადაწყვიტოს რომელი პროცესის ვიდეოგადაღება უნდა მოხდეს, ამ საბჭოს ხელმძღვანელი შეერთებული შტატების მიერ კორუფციის ბრალდებით სანქცირებული ლევან მურუსიძეა.
სასამართლო პროცესებზე მედიის შემზღუდავ ახალ კანონპროექტს სახალხო დამცველიც აკრიტიკებს. ომბუდსმენი ფიქრობს, რომ მედიას ეზღუდება ვალდებულება, მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის წარმომადგენლის კრიტიკულმა შეფასებამ "ქართული ოცნება" გააბრაზა.
ირაკლი კობახიძემ, დღეს, განაცხადა, რომ პროცესების ვიდეოგადაღების აკრძალვა "ქართული ოცნების" პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
ოპოზიციის შეფასებით, "ოცნება" უსამართლოდ დაკავებულთა პროცესების სატელევიზიო ჩვენებით პოლიტიკურ ზიანს იღებს, რის გამოც სასამართლოს კარი დახურა.
შეზღუდვები უწესდებათ რიგით მოქალაქეებსაც, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ მოსამართლე სოციალურ ქსელში ან საჯარო სივრცეში გააკრიტიკონ. ამ ცვლილებებს მხოლოდ სამოქალაქო სექტორი არ აკრიტიკებს, მოქმედი მოსამართლე ქეთი მესხიშვილი წერს, რომ ცვლილებები მოსამართლეებისთვისაც არასასურველ უნდა იყოს.