"ოცნება" დამოუკიდებელი ხმების ჩახშობას ცდილობს, მხარს ვუჭერთ MEGOBARI აქტის წინ წამოწევას, როგორც კი სენატს კალენდარი ამის საშუალებას მისცემს" - შაჰინის და უიკერსის განცხადება
ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნას, გადასცენ რაჟდენ კუპრაშვილის უწყებას არასამთავრობო ორგანიზაციებმა მათი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების პერსონალური მონაცემები, ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი, ჯინ შაჰინი და აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, როჯერ უიკერი ოფიციალური განცხადებით ეხმაურებიან.
ამერიკელი სენატორები "ქართული ოცნების" მმართველობასა და ალექსანდრე ლუკაშენკოს პოლიტიკას შორის ტოლობის ნიშანს სვამენ და პირდაპირ წერენ, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი დამოუკიდებელი ხმების ჩასახშობად "აგრესიულად მოქმედებს".
"ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხმას და კანონმდებლობას მესამე სექტორის მხარდასაჭერად. ამ მიზნით, ჩვენ მხარს ვუჭერთ MEGOBARI აქტის წინ წამოწევას, როგორც კი სენატს კალენდარი ამის საშუალებას მისცემს" - წერია განცხადებაში, რომელიც ამერიკის სენატის საგარეო კომიტეტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
"ქართული ოცნების" ხელისუფლება აგრესიულად ცდილობს ძალაუფლების კონსოლიდაციას დამოუკიდებელი ხმების ჩახშობის გზით, ანტიდემოკრატიული ნაბიჯებით, რაც ბელარუსში ალექსანდრ ლუკაშენკოს რეჟიმს მოგვაგონებს. ინფორმაცია, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებისგან მოითხოვეს, სავარაუდოდ, უკანონოა და ისეთი მასშტაბურია, რომ პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის მოთხოვნების შესრულებას.
"ქართული ოცნების" ქმედებები, რომლებიც როგორც ჩანს, ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ნაკარნახევი ისეთი მნიშვნელოვანი ჯგუფების პარალიზებას ისახავს მიზნად, როგორებიც არიან - "სამოქალაქო საზოგადოების ფონდი", "ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო", "საფარი", "მომავლის აკადემია", "მედიის განვითარების ფონდი", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება".
გარდა ამისა, ამ კვირაში "ქართულმა ოცნებამ" კიდევ უფრო გაამკაცრა პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიები - დააპატიმრეს და პატიმრობა მიუსაჯეს რამდენიმე პრო-დემოკრატ ლიდერს, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით.
მარტივად რომ ვთქვათ, დემოკრატიული მთავრობები არ უნდა აღიქვამდნენ ორგანიზაციებს, რომლებიც მხარს უჭერენ დამოუკიდებელ მედიას, ებრძვიან კრემლის პროპაგანდას, კორუფციას და მხარს უჭერენ ქალებსა და ახალგაზრდებს - როგორც საფრთხედ.
ისევე როგორც ეს ორგანიზაციები დაიცავენ საქართველოს მოქალაქეთა და ინფორმატორთა პირად მონაცემებს მთავრობის გადამეტებული ჩარევისგან, ჩვენც, კანონმდებლობის მეშვეობით და საკუთარი ხმებით, მათ გვერდში დავუდგებით. ამ მიზნით, ჩვენ მხარს ვუჭერთ ორპარტიული მხარდამჭერის მქონე MEGOBARI აქტის წინ წამოწევას, როგორც კი სენატს კალენდარი ამის საშუალებას მისცემს." - წერია განცხადებაში.
17 ივნისს ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნის საფუძველზე, 5 უფლებადამცველ ორგანიზაციას სასამართლოს ბრძანებები გადაეცათ. მესამე სექტორმა სასამართლოს განჩინების ნაწილი გაასაჯაროვა. დოკუმენტის თანახმად, ანტიკორუფციული ბიუროს აინტერესებს გაიგოს, ვის და რატომ დაეხმარნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები.
სასამართლოს განჩინება არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს, ბენეფიციარების და აქტივობებში ჩართული პირების სახელსა და გვარს, პირად ნომრებსა და აქტივობების ამსახველ ვიდეო-ფოტო მასალების გადაცემას.
ამის საპირწონედ, მესამე სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ არ აპირებენ სამართლებრივი დაცვის ქვეშ მყოფი მოქალაქეების ნდობის ღალატს, „თუნდაც ამ გადაწყვეტილებას მათი დაპატიმრება მოჰყვეს“.
ერთობლივ განცხადებას უერთდებიან: "საფარი", "ღია საზოგადოების ფონდი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "მომავლის აკადემია", " ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი", „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“, „საქართველოს ევროპული ორბიტა“.