ევროსაბჭოში დებატებამდე ერთი დღე რჩება - რა გზავნილებით ჩავიდა ოპოზიცია სტრასბურგში

25.06.25 21:18
ევროსაბჭოში დებატებამდე ერთი დღე რჩება - რა გზავნილებით ჩავიდა ოპოზიცია სტრასბურგში

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატების დაწყებამდე ერთი დღით ადრე, ქართული ოპოზიცია ბრიუსელში იმყოფება - "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა ოპონენტებმა ორმხრივ შეხვედრები სხვადასხვა ევროპული ქვეყნის, მათ შორის, დიდი ბრიტანეთისა და გერმანიის დელეგაციასთანაც გამართეს. 

როგორც "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ "ტვ პირველთან" საუბრის დროს განაცხადა, აუდიენციის გარდა, დღეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას და ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფს სიტყვით მიმართა და საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარების თაობაზე ცნობები მიაწოდა. 

სიტყვით მივმართე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის და ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფს, რომელიც არის ყველაზე დიდი და გავლენიანი ჯგუფი ევროპარლამენტში. შემდგომ გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ბრიტანეთის დელეგაციასთან, სადაც ძალიან აქტუალური და მნიშვნელოვანია ორმხრივი სანქციების საკითხი ბიძინა ივანიშვილსა და მის გარემოცვაზე. ხვალ უკვე შედგება ძალიან მნიშვნელოვანი დებატები საქართველოზე, სადაც დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტარები კიდევ ერთხელ და კატეგორიულად მოითხოვენ ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას და ახალ, თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს. ეს არის ის მოთხოვნები, რომლებიც მათ შორის გაჟღერდა რეზოლუციაში, რომლის შეუსრულებლობის გამოც, რუსული დელეგაცია, პრაქტიკულად, განიდევნა ამ ფორუმიდან". - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სტრასბურგში ასევე იმყოფება კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, გრიგოლ გეგელიაც. გეგელიას თქმით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად იმისთვის მუშაობენ, რათა ქართველი ხალხის ინტერესი აღსრულდეს.

ქართული სახელმწიფო აღარ არსებობს, კონსტიტუცია არის გაუქმებული. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ ძალიან ბევრს, რადგან საქართველოს რეალური ინტერესები იქნას დაცული, იმისთვის, რომ ქართველი ხალხის დემოკრატიული პროტესტის ხმა ძალიან კარგად გაისმას კიდევ ერთხელ სტრასბურგში. ბუნებრივია, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესები და ჩვენი დემოკრატიული პროტესტის ხმა გაძლიერდეს და ეს პროცესი დასრულდეს ქართველი ხალხის ეროვნული ინტერესების გამარჯვებით. დღეს ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, მოვუსმინოთ პრეზიდენტ ზელენსკის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული მომენტი, როდესაც ზელენსკი მიმართავს ევროპის საბჭოს". - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ. 

"ტვ პირველთან" 26 ივნისს ჩანიშნული საგანგებო დებატების მნიშვნელობაზე კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი, გიორგი ბუტიკაშვილი საუბრობს. როგორც ის ამბობს, ხვალ პარლამენტარები მკაცრ და ღია პოზიციას დააფიქსირებენ იმის შესახებ, რომ "რუსული რეჟიმი" ევროპისთვის პრობლემაა. 

საქართველოს შესახებ დებატები არის მნიშვნელოვანი, რათა ევროსაბჭომ დააფიქსიროს თავისი მკაცრი და ღია პოზიცია, თუ როგორ მოქმედებს "ქართული ოცნება" და რომ "ქართული ოცნების" რუსული რეჟიმი რეალურად არის პრობლემა ევროპისთვის და საქართველო, როგორც ევროპის შვილი, რუსული მეთოდებით არ უნდა იმართებოდეს. ამაზე ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან ყველას სჭირდება, რომ ღიად გაიგონ, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას რუსულ სივრცეში მიათრევს". - განაცხადა გიორგი ბუტიკაშვილმა. 

შეგახსენებთ, 26 ივნისს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს შესახებ დებატები გაიმართება - PACE-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დებატები დღის მეორე სესიაზე გაიმართება, რომელიც საქართველოს დროით 17:00 საათზე დაიწყება.  

მსგავსი სიახლეები