ტყვეობაში მყოფი ხაზარაძე-ჯაფარიძის გზავნილია, რომ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს - სამუშია
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" დაპატიმრებული ლიდერები მათმა თანაგუნდელმა, ლევან სამუშიამ მოინახულა - ლევან სამუშიას განცხადებით, ციხეში მყოფი მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მთავარი გზავნილია, რომ საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლა უნდა გაგრძელდეს.
ლევან სამუშიას ინფორმაციით, ორივე პოლიტიკოსი სამარტოო საკანში იმყოფება, თუმცა მისივე თქმით, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მორალურად და ფსიქოლოგიურად გატეხვას "ქართული ოცნება" მაინც ვერ შეძლებს.
მე ვიყავი პოლიტიკურ ტყვეებთან, იმ ადამიანებთან, რომლებიც არიან ჩემი პარტიის ლიდერები, რომლებიც არიან შეურიგებელი მებრძოლები და იბრძვიან საქართველოს თავისუფლებისთვის, უკეთესი მომავლისთვის და დღეს არიან პირდაპირ ტყვეობაში. ეს ადამიანები არიან დატყვევებულები. მამუკამაც და ბადრიმაც კარგად იცოდნენ, რომ პოლიტიკურ ტყვეობას უპირებდნენ. ისინი იყვნენ პოლიტიკური დევნის ობიექტები წლების განმავლობაში, მაგრამ მათი გადაწყვეტილება იყო, არის და იქნება მტკიცე - ბრძოლა ბოლომდე, ბრძოლა საქართველოს თავისუფლებისთვის. მე ისინი მოვინახულე. სამარტოო კამერებში არიან. რეჟიმმაც კარგად იცის, რომ მათი გატეხვა მორალურად, ფსიქოლოგიურად არის შეუძლებელი, რადგან ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ბრძოლა უკომპრომისოა". - განაცხადა ლევან სამუშიამ.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს.