მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ეკონომიკაზე ცუდად აისახება - დავით ბეჟუაშვილი
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და ეკონომიკაზე ცუდად აისახება - ამის შესახებ ქართული მულტიინდუსტრიული ჰოლდინგის (GIG) მფლობელმა განაცხდა.
განცხადება ბიზნესმენმა დავით ბეჟუაშვილმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ გააკეთა, როცა მედია მას უკრაინაში განხორციელებული ინვესტიციის თემაზე ეკითხებოდა.
„მამუკასთან და ბადრისთან ვმეგობრობ უკვე რამდენიმე ათეული წელია და ეს არ არის მხოლოდ ბიზნეს-ურთიერთობები. ამიტომ ბუნებრივია, ჩემთვისაც, პიროვნულად და ზოგადადაც, ძალიან გულდასაწყვეტია მათი დაკავების ფაქტი. მე ასე ვხედავ, რომ ეს მათი პოლიტიკური პოზიციის და პრინციპულობის შედეგია, თუმცა მგონია, რომ როდესაც არსებობს შესაძლებლობა, სასამართლომ გამოიყენოს უფრო მსუბუქი ღონისძიება, მაგალითად, ჯარიმა, მამუკას და ბადრის შემთხვევაში, ეს უნდა ყოფილიყო გამოყენებული“, - ამბობს ბიზნესმენი.
დავით ბეჟუაშვილი ამბობს, რომ მსგავსი ფაქტების მიმართ ბიზნესგარემო ძალიან სენსიტიურია.
„როდესაც უცხოელი ინვესტორები უყურებენ ასეთ ფაქტს, მით უმეტეს როდესაც მამუკაც და ბადრიც, არ ვაჭარბებ მსოფლიო მასშტაბით არიან ცნობილი და უამრავ უცხოურ კომპანიასთან ერთად, ძალიან ბევრი კარგი რამ აქვთ გაკეთებული ჩვენი ქვეყნისათვის, მათი დაკავება, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალზეც და ეკონომიკაზეც; იქ უკვე გარჩევა აღარაა, რა გადაცდომა იყო ჩადენილი. თვითონ ფაქტი უკვე დამაზიანებელია“, - განაცხადა ბიზნესმენმა.