ასობით ათასი ლარი გადიოდა ბიუჯეტიდან კერძო თეატრის მიზნებზე - თინათინ რუხაძე ჩხეიძის სახელოსნოს დახურვაზე
ირაკლი კობახიძის კულტურის მინისტრი ირწმუნება, რომ თემურ ჩხეიძის სახელოსნოს დახურვაში სამინისტროს მონაწილეობა არ მიუღია.
თინათინ რუხაძის მტკიცებით, ასობით ათასი ლარი გადიოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან კერძო თეატრის მიზნებზე:
თემურ ჩხეიძის სახელოსნოს დახურვა არ იყო ჩვენი გადაწყვეტილება, მათ ბორდი ჰყავთ და ძალიან დიდი ბოდიში [კულტურის სამინისტრომ მოითხოვა ორგანიზაციის წესდება]...
როგორც მეუბნებიან, იქ არ იყო გაწერილი არც სილაბუსი, არც მეთოდი, არც ვინ რას ასწავლიდა და არავისთან ეს არ იყო შეთანხმებული და ასობით ათასი ლარი გადიოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პრაქტიკულად კერძო (კერძო, იცით რა არის?!) კერძო თეატრის მიზნებზე და შეფუთული იყო როგორც სახელოსნო.
თვითონ შეიკრიბა გამგეობა, ჩვენ მივიღეთ ცნობად, რომ მათ მიიღეს ეს [თვითლიკვიდაციის] გადაწყვეტილება, რადგან იქ იყო ფინანსური კითხვები, როგორც მე მითხრეს - ლიკვიდაციაზე წასვლა ან ფინანსური აუდიტი. თვითონვე მიხვდნენ, რომ ფინანსური აუდიტი რომ დავიწყოთ უარეს ესკალაციაში შევალთ, რადგან დარღვევებიაო [...] იქვე [თეატრალურ უნივერსიტეტში] დააფუძნონ ის სახელოსნო, თუ ძალიან უნდათ, რა საჭიროა ცალკე ორგანიზაციის დაფუძნება, არც ფული წაგვირთმევია, არც არაფერი გაგვიკეთებია". - თქვა რუხაძემ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.
ცნობისთვის, საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს, 11 აპრილს თემურ ჩხეიძის სახელოსნომ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც წერდა, რომ ცენტრის გაუქმების გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებული სადამსჯელო ოპერაცია იყო.