თინათინ რუხაძე: „თავისუფლება მამუკას, ბადრის და ყველა სინდისის პატიმარს!

26.06.25 12:08
თინათინ რუხაძე: „თავისუფლება მამუკას, ბადრის და ყველა სინდისის პატიმარს!

საკონსულტაციო კომპანია ACT-ის თანადამფუძნებელი და მმართველი პარტნიორი "ძლიერი საქართველოს" დაპატიმრებულ ლიდერებს სოლიდარობას უცხადებს. ამასთან თინათინ რუხაძე პროევროპული აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვს. 

„თავისუფლება მამუკას, ბადრის და ყველა სინდისის პატიმარს! დღეს, მათი ციხეში ყოფნა - მათი ღირსების და გაბედულების საუკეთესო მტკიცებულებაა“, - დაწერა ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში. 

tvpirveli.ge თინათინ რუხაძის პოსტს BMG უცვლელად გთავაზობთ:

„თემურ ჭყონიამ გაბედული განაცხადი გააკეთა - მგონი მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებიდან პირველმა დაგმო საჯაროდ მამუკას და ბადრის დაკავების ამბავი. განსაკუთრებით მომხვდა გულზე მისი ერთი ფრაზა (ზუსტი სიტყვები არ მახსოვს) - მაშინ რატომ ვქმნით რამეს ამ ქვეყანაში, რატომ ვაშენებთ კომპანიებს და ვიხარჯებით - გამოდის “ყველაფერი ყოფილა არაფერი”.

ვიცი, რომ ბიზნესმენები არ უყვარს ხალხს. მათ წარმოდგენაში ბიზნესმენი არის ადამიანი:
- ვინც შენს შრომაზე მდიდრდება და შენ კაპიკებს გიხდის;
- თავისი ინტერესისთვის მოგისვრის და გადაგაგდებს, როცა აღარ დასჭირდები;
- “ყველაფერზე წამსვლელია”;

ასეთი დამოკიდებულების ადამიანები, ყოველთვის იპოვიან თავის რწმენების მტკიცებულებას:
- მართლაც, წარმატებული ბიზნესმენი ბევრად უფრო მდიდარია, ვიდრე მისი ნებისმიერი დაქირავებული ადამიანი;
- მართლაც უწევს ბიზნესის მფლობელს და მმართველს მძიმე გადაწყვეტილებების მიღება - მაგალითად, სამსახურიდან არაეფექტური ადამიანის გაშვება (წარსულში დიდი დამსახურებაც რომ ჰქონდეს);
- მართლაც უფრო ფრთხილი და დიპლომატიურია ძალაუფლების მქონე მხარესთან (მაგ. მთავრობასთან) მოლაპარაკებაზე და შეთანხმებაზე ორიენტირებულია.

ჰოდა, იმის თქმა მინდა, კი მესმის; რომ ბიზნესმენების არსიყვარული საბჭოთა მენტალობის მემკვიდრეობაა, მაგრამ მინდა; ხალხს გავაგებინო, რომ სანამ ასე დავინახავთ მათ, მანამდე ამ ქვეყანას განვითარება არ უწერია; რადგან წარმატებული ბიზნესმენი, ნიშნავს:
- ისეთი კომპანიების შექმნას, რომელიც ათასობით ადამიანს აძლევს სამუშაოს, შემოსავალს და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობას;
- დარგის განვითარებას და ინოვაციებს;
- ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის ზრდას;
- მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატის შექმნას;
- გადასახადების გადახდას, რომელიც სოციალურ ინკლუზიურობას და თანასწორობას უნდა უზრუნველყოფდეს ადეკვატური მთავრობის ხელში;
- ეკონომიკის ზრდას და სიღარიბის შემცირებას;

სწორედ ამიტომ ვაფასებ ყველას, ვისაც ამ ზემოთ ჩამოთვლილში წვლილი შეუტანია და უდიდეს პატივს ვცემ მათ, ვინც ამ გზაზე ღირსება შეინარჩუნა და სწორედ ამიტომ არ მესმის იმ ხალხის, ვინც მამუკაზე და ბადრიზე ნიშნის მოგებით ლაპარაკობს.

სანამ არ ვისწავლით სხვისი ცოდნის, შრომის და გაბედულების დაფასებას, მანამდე ვიცხოვრებთ ისეთ ქვეყანაში, სადაც ეს ყველაფერი არ ფასდება (თან ვინერვიულებთ და ვიბრაზებთ ამაზე).

თავისუფლება მამუკას, ბადრის და ყველა სინდისის პატიმარს! დღეს მათი ციხეში ყოფნა - მათი ღირსების და გაბედულების საუკეთესო მტკიცებულებაა.

და დიდი პატივისცემა ბატონ თემურის და ყველა იმ ბიზნესმენს, ვისაც ჩვენი ქვეყნის განვითარებაში წვლილი შეაქვს და თან ამ რთულ დროს არ იხევს უკან და იქ დგას, სადაც სიმართლეა!“, - წერს თინათინ რუხაძე.

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს.      

ციხეში გაუშვეს "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერები - ნიკა მელია და ნიკა გვარამია. რუსთავის 12-ე პენიტენციურ დაწესებულებაშია თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ირაკლი ოქრუაშვილი.

მსგავსი სიახლეები