"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

26.06.25 13:28
"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან

ამ წუთებში "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ხვდებიან - დახურულ კარს მიღმა აუდიენციაზე მხარეები საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ პროცესებს, მათ შორის მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავების ფაქტს განიხილავენ. 

კოალიცია "ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერები სტრატეგიულ პარტნიორებს ინფორმაციას იმის შესახებაც აწვდიან, თუ როგორ იყენებს "ქართული ოცნება" მართლმსაჯულების სისტემას პოლიტიკური მიზნებისთვის. 

დღევანდელი შეხვედრა ეძღვნება იმ ფაქტს, იმ მორიგ ნაბიჯს ავტორიტარიზმის და დიქტატურის განსამტკიცებლად ქვეყანაში, რაც ბადრის და მამუკას დაპატიმრებაში გამოიხატა. ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენს კოლეგებთან იმის თაობაზე, რომ პირველი, ეს ხელისუფლებას ძვირად დაუჯდება. მეორე, ჩვენ, ჩვენი პარტნიორები ვართ კიდევ უფრო მობილიზებული და ვიყავით მზად ამ განსაცდელისთვის და გავაგრძელებთ ბრძოლას. საერთაშორისო საზოგადოება დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ეს ჩავარდნა არის დროებითი". - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. 

აუდიენციის დაწყებამდე კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ მედიასთან თქვა, რომ დღევანდელ შეხვედრაზე პარტნიორებთან ასევე იმ შესაძლო რისკებზეც ისაუბრებენ, რომლის მოლოდინიც პარტიაში აქვთ.  

აღარ დარჩენილა, ფაქტობრივად, ჩვენი არცერთი პარტნიორი სახელმწიფოს დედაქალაქი, საიადანაც უმწვავესი განცადებები არ გაკეთებულიყოს. ჩვენ სამუშაო რეჟიმზი ვაგრძელებთ მუშაობას ჩვენს პარტნიორებთან და გულწრფელად გეტყვით, რომ ვერ მალავენ ისინი შოკს და გაოგნებას იმასთან დაკავშირებით, რა სწრაფადაც მოხდა შემოტრიალება საქართველოში ავტოკრატიზაციის მიმართულებით, რა სწრაფადაც ხდება გაუარესება ჩვენს ქვეყანაში. არამხოლოდ დემოკრატიული გარემოსი, არამედ ცივილიზებული პოლიტიკური პროცესის წარმოების შესაძლებლობასაც აღარ იძლევა "ქართული ოცნება". ჩვენ დღეს გვექნება საუბარი არამხოლოდ იმაზე, რაც მოხდა, არამედ იმ სერიოზულ რისკებზე, რომლის მოლოდინიც არსებობს". - განაცხადა საბა ბუაძემ. 

შეხვედრას 15-მდე ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, შვედეთის, ნორვეგიის, დანიის, სლოვაკეთისა და ლიეტუვის წარმომადგენლები ესწრებიან. 

მსგავსი სიახლეები