"ლელო - ძლიერი საქართველოს" ლიდერებსა და დიპლომატებს შორის შეხვედრა დასრულდა - რაზე ისაუბრეს მხარეებმა
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებსა და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შორის აუდიენცია დასრულდა - შეხვედრაზე 12 ქვეყნის დიპლომატს პოლიტიკური გაერთიანების წევრებმა დეტალურად უამბეს იმის შესახებ, თუ რის გამო იხდიან სასჯელს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე.
დახურულ კარს მიღმა გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ გარდა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავებისა, დიპლომატებთან იმის თაობაზეც ისაუბრეს, თუ რა ნაბიჯებია გადასადგმელი საქართველოს ევროპულ გზაზე დასაბრუნებლად.
დიპლომატებს გავაცანით არა მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური მოსაზრებები იმის თაობაზე, რა ხდება და რატომ ხდება, არამედ იურიდიული, სამართლებრივი არგუმენტები, რა არის დარღვეული და რატომ არიან ისინი უკანონო პატიმრები დღეს. გარდა ამისა, ჩვენ გავაგრძელეთ საუბარი მომავალზეც, იმის თაობაზე, თუ როგორ არის მიღწევადი ქვეყნის არ ჩამოშორება თავისუფალი სამყაროსგან". - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" კიდევ ერთი ლიდერის, გიორგი სიორიძის თქმით, სტრატეგიულ პარტნიორებს კითხვები "ქართული ოცნების" მიერ პოლიტიკური ოპონენტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების დევნის შესახებ ჰქონდათ.
განწყობა არის საერთო. "ქართული ოცნების" ხელში და პირობებში საქართველოს არც ევროკავშირში ინტეგრაციის მომავალი აქვს და არც ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვითარების ნორმალიზების. პოლიტიკური ოპონენტების, არასამთავრობო ორგანიზაციების დევნა არის დემოკრატიის პროცესის მოკვლა. ჰქონდათ კითხვები. ისინი თავის მისიებს და თავის ქვეყნებს მიაწვდიან შესაბამის ინფორმაციას". - განაცხადა გიორგი სიორიძემ.
ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს.