ყაველაშვილმა ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა
მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, ანზორ ჩუბინიძე ღირსების ორდენით დააჯილდოვა - "ქართული ოცნების" პრეზიდენტმა ანზორ ჩუბინიძეს მედალი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გადასცა.
როგორც მიხეილ ყაველაშვილი სოციალურ ქსელში წერს, ანზორ ჩუბინიძე "კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის" დააჯილდოვა, ხოლო "მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ უწყების 5 თანამშრომელს" გადასცა.
დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 31 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას დავესწარი.
ქვეყნის უსაფრთხოების სადარაჯოზე დგომისათვის, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადე უწყების ხელმძღვანელობას, პირად შემადგენლობას, თანამშრომლებსა და ვეტერანებს.
სიტყვით გამოსვლისას აღვნიშნე, რომ ფასდაუდებელია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის როლი სახელმწიფო სისტემის სტაბილური და უსაფრთხო ფუნქციონირების საქმეში.
ღონისძიებაზე, კანონიერებისა და მართლწესრიგის განმტკიცებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ღირსების ორდენით დავაჯილდოვე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე. სახელმწიფოს ღირსეული სამსახურისათვის საქართველოს სახელმწიფო ჯილდო -„ღირსების მედალი“ უწყების 4 თანამშრომელს, ხოლო მხედრული ვალის შესრულებისათვის, ვაჟკაცობისა და გაბედულებისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - მედალი „მხედრული მამაცობისთვის“ უწყების 5 თანამშრომელს გადავეცი.
ღონისძიების ფარგლებში უწყების ინფრასტრუქტურა დავათვალიერე. დავესწარი დასაცავ პირზე შენობაში თავდასხმისა და ევაკუაციის, ასევე კორტეჟზე თავდასხმა-მოგერიებისა და კინოლოგების საჩვენებელ იმიტაციას." - წერს მიხეილ ყაველაშვილი.