საზღვარგარეთის ფინანსურ წრეებში ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავება მიუღებელი იქნება - თემურ ჭყონია

26.06.25 17:24
საზღვარგარეთის ფინანსურ წრეებში ხაზარაძე-ჯაფარიძის დაკავება მიუღებელი იქნება - თემურ ჭყონია

 

 

ბიზნესმენი თემურ ჭყონია ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს "ტვ პირველისთვის" მიცემულ ინტერვიუში ეხმიანება და ამბობს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების დაკავება საზღვარგარეთ, ფინანსურ წრეებში მიუღებელი იქნება.

ჭყონია კოალიცია „ლელო-ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერების მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის დაკავებაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ფაქტი ქვეყნის რეპუტაციის დაზიანებას განაპირობებს. 

მისი თქმით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის ერთადერთი გზა, განმეორებითი არჩევნებია: 

ადამიანურად ძალიან განვიცდი იმ ფორმას, რა ფორმითაც ეს პროცესი ხორციელდება. ხელბორკილების დადება სახალხოდ მიუღებელი და დამამცირებელი ფორმაა. მამუკას და ბადრის ბიზნეს ისტორიას რომ გადახედოთ, ეს საქართველოს ისტორიის უდიდესი ნაწილია. ფინანსური ინსტიტუტი შექმნეს. ეს არის ეკონომიკის საფუძვლები. მამუკა და ბადრი იმდენად ცნობილები არიან საზღვარგარეთის ფინანსურ წრეებში, რომ რა თქმა უნდა, იმათ ცალკე ახსნა უნდათ. თუ აუხსნი, რომ არ მივიდნენ კომისიაზე და ამის გამო 8 თვით დაიჭირეს, იმათთვის მიუღებელი იქნება. განმეორებით არჩევნებზე რომ საუბრობენ, ეს არის ერთადერთი გამოსავალი". - განაცხადა თემურ ჭყონიამ. 

ცნობისთვის, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერს ზურა ჯაფარიძეს. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფარდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვით პატიმრობა მიუსაჯეს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს გიორგი ვაშაძეს. 

მსგავსი სიახლეები