პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს - კობახიძე სხდომაზე მოხსენებით წარდგება
პარლამენტში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორებს შენობაში შესვლა ეზღუდებათ. აღნიშნული პლენარულ სხდომას უკავშირდება, სადაც ირაკლი კობახიძე სამთავრობო პროგრამის შესრულებაზე ისაუბრებს.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 27 ივნისს, პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.
დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის: კომიტეტების და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს სამი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა,- ნათქვამია განცხადებაში.
სხდომის ბოლოს საგაზაფხულო სესია დაიხურება.