ბრიტანელი დეპუტატი: „ოცნებამ“ პოლიტიკური პატიმრები დაუყოვნებლივ უნდა გაათავისუფლოს — დროა, ბრიტანეთმა სანქციები დააწესოს
ბრიტანეთის პარლამენტის წევრი საქართველოს ხელისუფლებას მკაცრი გზავნილით მიმართავს. მისი თქმით, ბრიტანეთის მთავრობამ დრო აღარ უნდა დაკარგოს და "ქართულ ოცნებას" დაუყოვნებლივ უნდა დაუწესოს სანქციები. ამის შესახებ მან ევროსაბჭოში გამართული დებატების შემდეგ ისაუბრა.
"ჩვენ უკვე ვაიძულებთ მთავრობას, რომ იმოქმედოს. ყელში ამოვიდა ანტიდემოკრატიული სიტუაცია საქართველოში. ქართველ ხალხს ეკუთვნის უფრო მტკიცე მხარდაჭერა დიდი ბრიტანეთისგან,“ — აცხადებს დეპუტატი და განსაკუთრებულ ყურადღებას პოლიტპატიმრების საკითხზე ამახვილებს.
„რაც მთავარია და აუცილებელია — ყველა პოლიტიკური პატიმარი უნდა გათავისუფლდეს. ეს არაა არჩევანი, ეს არის ვალდებულება,“ — ამბობს ის.
მისივე თქმით, სანქციები ეფექტური მექანიზმია, რადგან გავლენიანი პირები, ვისაც ფინანსური რესურსები აქვთ, ყველაფერს აკეთებენ მათ დასაცავად.
სანქციები მუშაობს — ეს ვნახეთ რუსეთშიც. დიდი ბრიტანეთის გადაწყვეტილება გაყინული რუსული აქტივების უკრაინის მხარდასაჭერად გამოყენების შესახებ მკაფიო გზავნილია. ამაში კითხვის ნიშნები არ არსებობს — სანქციები შედეგს იძლევა. მინდა ვხედავდეთ უფრო ძლიერ და მკაცრ დიდ ბრიტანეთს ამ საკითხში,— აცხადებს დეპუტატი.
ის აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე მუდმივ კომუნიკაციაშია მთავრობის წარმომადგენლებთან,და დისკუსია აქტიურად გრძელდება.
დეპუტატი ასევე ხაზს უსვამს საკუთარი პრინციპების ერთგულებას:
მე დემოკრატი ვარ. მჯერა დემოკრატიული პროცესების. ნათელია, რომ გასული წლის არჩევნები არ ყოფილა თავისუფალი და სამართლიანი. ეს იყო თვალსაჩინო ევროპელი დამკვირვებლებისთვისაც. ივანიშვილმა იცის — როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ — მოთხოვნა ცალსახაა: ეს არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს,- ამბობს ის.