ლესლი გრიფიტსი: საქართველოს მმართველი ელიტა დაკვირვების ობიექტია — სანქციები შესაძლოა, გახდეს რეაგირების მექანიზმი

27.06.25 11:35
ლესლი გრიფიტსი: საქართველოს მმართველი ელიტა დაკვირვების ობიექტია — სანქციები შესაძლოა, გახდეს რეაგირების მექანიზმი

ევროპის საბჭოს წევრმა ლესლი გრიფიტსმა საქართველოში დემოკრატიული უკუსვლისა და მმართველი პარტიის ქმედებების პასუხად შესაძლო სანქციებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, საქართველოს დელეგაციებთან ბოლო შეხვედრებმა დაადასტურა, რომ მდგომარეობა ქვეყანაში დღითიდღე უარესდება. 

საქართველოს დელეგაციასთან მქონდა სამჯერ საუბარი დაახლოებით ექვსთვიანი ინტერვალებით და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ სიტუაცია კიდევ უფრო მძიმდება. დღეს ვდგავართ იმ რეალობის წინაშე, სადაც მაღალი რანგის პოლიტიკოსებს აპატიმრებენ და რეპრესიები ყოველდღიურ ყოფად იქცა. ვშიშობ, რომ მომავალ შეხვედრაზე სიტუაცია კიდევ უფრო უარესი იქნება, — აღნიშნა გრიფტსმა.

მისი თქმით, დადგა დრო, ევროპის საბჭომ მკაფიოდ დასვას შეკითხვა — „რამდენ ხანს შეგვიძლია ამის მოთმენა?“ გრიფიტსი ამბობს, რომ ევროპის საბჭოში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა კონკრეტულ ქმედებებზე, განიხილება ყველა შესაძლო ვარიანტი — მათ შორის ყველაზე რადიკალური:

ერთ-ერთი უკიდურესი გზაა, გავაკეთოთ იგივე, რაც რუსეთთან — გავრიცხოთ საქართველო ევროპის საბჭოდან. თუმცა, პირადად მე არ მგონია, რომ ეს სასურველ შედეგს მოიტანს. ამან შესაძლოა, კიდევ უფრო გააუარესოს ვითარება და საქართველო რუსეთს მიუახლოვოს. არ მჯერა, რომ ეს ქართველი ხალხის სურვილია, - ამბობს დეპუტატი. 

ლესლი გრიფიტსი პირდაპირ ამბობს, რომ მმართველი წრის კონკრეტულ პირებზე სანქციების დაწესებას ემხრობა.

მნიშვნელოვანია, რომ გავლენიანმა ადამიანებმა იგრძნონ თავიანთი თავისუფლების შეზღუდვის შედეგი. მათი ფინანსური ინტერესები — განსაკუთრებით ბრიტანულ ფინანსურ ინსტიტუტებში — სათანადოდ უნდა შეფასდეს. უკვე მივეცით პირობა ბრიტანეთის დელეგაციას, რომ ამ საკითხს კრიტიკულად გადავხედავთ,“— აცხადებს გრიფტსი.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია გაარკვიონ, სად არის განთავსებული მმართველი ელიტის კაპიტალი, რა არის სამართლებრივად დასაშვები და მიიღონ შესაბამისი ზომები:

საქართველოს მმართველ ელიტას უნდა მივაწვდინოთ გზავნილი — ისინი დაკვირვების ობიექტები არიან და საერთაშორისო საზოგადოება პასუხს მოითხოვს, - ამბობს გრიფიტსი. 

დასასრულს, გრიფიტსმა ოლიგარქიის როლზეც ისაუბრა:

ოლიგარქები სწორედ იმიტომ ხდებიან ოლიგარქები, რომ საკუთარ ინტერესებზე ზრუნავენ და სისტემაში სხვას არ უშვებენ. როდესაც ადამიანი აგროვებს დიდ ქონებას, ბუნებრივია, ცდილობს გავლენა მოახდინოს პოლიტიკასა და საზოგადოებაზე. ამ დროს ფული მათთვის ძალაუფლების ბერკეტია — და სწორედ აქ იბადება პრობლემა, - თქვა მან ევროსაბჭოში გამართული დებატების შემდეგ. 

მსგავსი სიახლეები