გივი თარგამაძე ქალი პოლიტიკოსების დაკავებას არ გამორიცხავს
გივი თარგამაძე არ გამორიცხავს, რომ წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო სხვა ოპოზიციონერები, მათ შორის ქალი პოლიტიკოსებიც დააკაონ - ამის შესახებ ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში შესვლამდე უკვე მსჯავრდებულმა პოლიტიკოსმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ჩვენ ვხედავდით, როგორც სცემდნენ დარბევების დროს ქალებს, ახალგაზრდებს და რატომ უნდა გაგვიკვირდეს?
ყველაფერი შეიძლება, კი. როდესაც ამდენი ახალგაზრდა ჰყავთ დაკავებული, ამდენ წელს უსჯიან. ისინი არ არიან საერთოდ პოლიტიკოსები, სხვადასხვა პროფესიის ხალხია და სამოქალაქო პროტესტს გამოხატავდნენ. რა თქმა უნდა, ველოდებით, რომ პოლიტიკოსებზეც ასე იქნება, მაგრამ ჩემი აზრით, სწორედ სამოქალაქო პროტესტმა ახლა, კიდევ უფრო უნდა აკრიფოს ძალა...", - განაცხადა თარგამაძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ თარგამაძე საკუთარი სახლიდან პოლიციის განყოფილებაში თავად მივიდა. მას ხელბორკილები პოლიციის შენობის შესასვლელთან დაადეს.
გავიმარჯვებთ აუცილებლად. ჩემი აზრით, ეს იქნება უფრო მალე, ვიდრე მე აქამდე მეგონა - ეს იყო პოლიტიკოსის სიტყვები განყოფილებაში შესვლამდე.
წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გიგი თარგამაძემს 7 თვით პატიმრობა მოუსაჯა, ასევე პოლიტიკოს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს.
კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.
ფოტო: პუბლიკა