კობახიძე ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა გახუთმაგდა, უმუშევრობა კი განახევრდა
ირაკლი კობახიძემ პარლამენტს, რომელსაც საზოგადოების ნაწილი არალეგიტიმურად მიიჩნევს, წლიური ანგარიში წარუდგინა, სადაც გამოსვლის დიდი ნაწილი წინა ხელისუფლებასთან პარალელების გავლებას დაუთმო. "ოცნების" პრემიერი ამტკიცებს, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ქვეყანაში ეკონომიკა გახუთმაგდა.
პირველად, ჩვენი ეკონომიკა წელს, წლის ბოლოს გადააჭარბებს 100 მლრდ-ს ლარს. მე მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წელს, როდესაც "ქართული ოცნების" გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში, მაშინ ჩვენი ეკონომიკა 28 მლრდ ლარსაც კი არ შეადგენდა ანუ ჩვენ შევძელით, დაახლოებით გავახუთმაგეთ ამ პერიოდის განმავლობაში ეკონომიკა, - განაცხადა კობახიძემ.
კობახიძე ასევე ირწმუნება, რომ ქვეყანაში უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. მისი მტკიცებით, 2023 წლის ბოლოს უმუშევრობის დონე 13.9%-მდე შემცირდა.
ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა ჩვენს ქვეყანაში. გასული წლის ბოლოსთვის უმუშევრობამ შეადგინა 13.9%. ეს არის, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისტორიული მინიმუმი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ.
აქაც, მინდა, შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა ჩვენ 2012 წელს. მაშინ უმუშევრობა შეადგენდა 26.7% ანუ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში მოავერხერთ უმუშევრობის განახევრება ჩვენს ქვეყანაში.
მხოლოდ 2022-24 წლებში ანუ საუბარია გასულ 3 წელიწადზე, შეიქმნა 185 ათასზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი. მხოლოდ გასულ წელს საანგარიშო პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 68 ათასი ადამიანით და დასაქმებულთა რაოდენობა, პირველად დამოუკიდებობის აღდგენის შემდეგ, გადააჭარბა მილიონ 400 ათას ადამიანს, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი, - თქვა კობახიძემ.
"ოცნების" პრემიერმა თავი ხელფასებიც ზრდითაც მოიწონა. მისი მტკიცებით, ქვეყანაში საშუალო ხელფასი 2170 ლარია.
2025 წლის პირველ კვარტალში საშუალო ხელფასმა შეადგინა 2170 ლარი. აქაც, მინდა შეგახსენოთ, რა მდგომარეობა დაგვხვდა ჩვენ 2012 წელს. მაშინ საშუალო ხელფასი შეადგენდა 712.5 ლარს. შესაბამისად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ სამჯერ გავზარდეთ საშუალო ხელფასი ჩვენს ქვეყანაში, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფრასტრუქტურის ნაწილში, კობახიძის განცხადებით, 84.4 კმ მაგისტრალური გზა გაიხსნა, რაც, მისი თქმით, მეტია, ვიდრე წინა ხელისუფლებამ ცხრა წლის განმავლობაში ააშენა.
საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 84.4 კმ მაგისტრალი გზა. მინდა, შეგახსენოთ, რომ ეს არის იმაზე მეტი, ვიდრე წინა ხელისუფლებამ ააშენა 9 წლის განმავლობაში. ანუ ჩვენი მაჩვენებელი არის 84 კმ-ზე მეტი და მათ მთელი 9 წლის განმავლობაში ააშენეს 68 კმ მაგისტრალური საავტომობილო გზა, - თქვა კობახიძემ.
კობახიძე ასევე შეეხო სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას და ჯანდაცვის სისტემის რეფორმებს. მისი მტკიცებით, აღნიშნული სფერო "ნაციონალური მოძრაობის" დროს მიტოვებული იყო, "ოცნების" მმართველობამ კი ადამიანებზე ზრუნვა გამოიჩინა.
სამი წლით გაიზარდა მოსახლეობის სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, ერთ-ერთი მთავარი. რამაც ეს შედეგი მოიტანა, არის საყოველტაო ჯანდაცვის პროგრამა და ზოგადად, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებული უმნიშვნელოვანესი პროგრამები. ზოგადად, მინდა, შეგახსენოთ, რომ 2012 წლის შემდეგ ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები გაიზარდა 4-ჯერ და კიდევ უფრო მეტად. მანამდე ეს იყო, პრაქტიკულად, მიტოვებული სფერო. ადამიანებზე ზრუნვა არ იყო წინა ხელისუფლების პრიორიტეტი, - განაცხადა კობახიძემ.