კობახიძე კორუფციის დაძლევის მნიშვნელობაზე საუბრობს და საკადრო პრიორიტეტად "კეთილსინდისიერებას" ასახელებს
ირაკლი კობახიძე კეთილსინდისიერების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღიარებს, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მმართველი გუნდის შიგნითაც აქტუალური თემაა. პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას "ოცნების" პრემიერმა დააანონსა, რომ კორუფციასთან ბრძოლის საკითხში „სრულიად შეურიგებელი“ იქნება და ახალ საკადრო პოლიტიკას სწორედ ამ პრინციპზე დაფუძნებულად წარმართავს.
კეთილსინდისიერება არის მთავარი კრიტერიუმი ახალი გუნდის შერჩევისას. როცა საუბარია საკადრო გადაწყვეტილებებზე, უპირატესობა ენიჭება ორ კომპონენტს: კეთილსინდისიერებას და პროფესიონალიზმს, მაგრამ სწორედ კეთილსინდისიერებაა მთავარი, რადგან პროფესიონალიზმის სწავლა შეიძლება, კეთილსინდისიერების — არა, — განაცხადა კობახიძემ.
კობახიძის განმარტებით, ეს მიდგომა იქნება სამომავლო ცვლილებების საფუძველი ახალ სამთავრობო შემადგენლობაშიც.
"ოცნების" პრემიერმა არ დააკონკრეტა, ვის გულისხმობდა, როცა საკადრო ცვლილებებზე და კეთილსინდისიერების მნიშვნელობაზე ისაუბრა. თუმცა, საჯარო კონტექსტი ეჭვს არ ტოვებს, რომ აღნიშნული შესაძლოა, უკავშირდებოდეს ეკონომიკის სამინისტროს ბოლო კვირის ცვლილებებს.
სამი დღის წინ ლევან დავითაშვილი ეკონომიკის მინისტრის პოსტიდან გადააყენეს, ხოლო მის ადგილას მარიამ ქვრივიშვილი დაინიშნა. მანამდე კი, 21 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ბრალდებით, რომ მან მილიონობით ლარის უკანონო შემოსავალი ლეგალიზება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ჩაიდინა.
მიქაუტაძე მინისტრის მოადგილის პოსტს 2021 წლიდან იკავებდა, ხოლო 2022 წლის ბოლოდან პირველი მოადგილე იყო — მათ შორის დავითაშვილის ხელმძღვანელობითაც.
ჟურნალისტების კითხვაზე, დაიკითხება თუ არა დავითაშვილი ამ საქმეზე, კობახიძემ განაცხადა, რომ მას დავითაშვილის კეთილსინდისიერებაში ეჭვი არ ეპარება.