ნიკა მელია 6 წლის წინანდელ საქმეზე 25 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს - ადვოკატი
ნიკა მელია 6 წლის წინანდელ საქმეზე დაკისრებულ 25 ათას ლარიანი ჯარიმის გადახდას არ აპირებს - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის ადვოკატმა, გიორგი კონდახიშვილმა განაცხადა.
- ცნობისთვის, ნიკა მელიას 8 თვიანი პატიმრობის გარდა, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა დააკისრა 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი 25 000-ლარიანი ჯარიმის გადახდაც.
- ნიკა მელია 25 000 ლარით სასამართლომ 2019 წელს დააჯარიმა. ის სასამართლომ „ბანკი ქართუს“ საქმეზე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში ცნო დამნაშავედ.
რაც შეეხება წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო გამოტანილ განაჩენს, კონდახაშვილი ამბობს, რომ მელიას მიმართ სამართლებრივი დევნა პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენება.
ჯერ კიდევ წინ გვაქვს მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე სასამართლო განხილვა, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე ირაკლი შვანგირაძე საერთოდ არ არის გამოკითხული - აცხადებს ადვოკატი.
ჩვენ უკვე სათვალავი აგვერია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. 2019 წლის ერთ-ერთი განაჩენის დროს, ნიკას ძირითადი სასჯელის სახით ჯარიმა 25 000 ლარის ოდენობით დაეკისრა, რომელიც მას გადახდილი არ ჰქონდა, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში ასახა მოსამართლემ წინა აღუსრულებელი განაჩენი და საბოლოო სასჯელის სახით განუსაზღვრა 25 000 ლარი ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა 8 თვის ვადით და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავების აკრძალვა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რაც არ უნდა იკითხონ და წერონ, რა განაჩენიც არ უნდა გამოიტანონ ნიკა მელიასთან მიმართებით, ეს წმინდა წყლის პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. ნიკა არც ადრე აპირებდა და არც ახლა აპირებს აღნიშნული განაჩენით მასზე დაკისრებული სასჯელის აღსრულებას, რაც ჯარიმას გულისხმობს. რაც შეეხება თავისუფლების აღკვეთას, ის ორჯერ არის დაპატიმრებული, დღეს საერთოდ, გამამართლებელი განაჩენიც რომ დაეყენებინა, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა არის გამოყენებული. ჯერ კიდევ წინ გვაქვს მოსამართლისთვის წყლის შესხმის ფაქტზე სასამართლო განხილვა, ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ საქმეზე მოსამართლე [ირაკლი შვანგირაძე] საერთოდ არ არის გამოკითხული და პროკურატურას არ აინტერესებს პოზიცია, შეურაცხყოფილი არის თუ არა მოსამართლე“, - განაცხადა კონდახიშვილმა.
მოსამართლე ნინო გალუსტაშვილის გადაწყვეტილებით, მელიას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ამასთან, 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. ამასთან, 2019 წლის განაჩენით აღუსრულებელი სასჯელი- ჯარიმა 25 000 ლარი დაემატა განაჩენს. 2019 წლის განაჩენით მელია სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში იქნა დამნაშავედ ცნობილი.