დაპატიმრებებს 29 ივნისს ერთად დგომით და ჩვენი ერთიანობით ვუპასუხებთ, მე ვიქნები თქვენთან ერთად - სალომე ზურაბიშვილი
29 ივნისს დაგეგმილ აქციას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილიც უერთდება - როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, ერთად დგომა, ერთიანობა და წინააღმდეგობა იქნება სწორედ პასუხის იმ დაპატიმრებებზე, რომელსაც ადგილი აქვს პოლიტიკოსების და მოქალაქეების მიმართ.
წინააღმდეგობის პლატფორმის თითქმის ყველა ლიდერი ციხეშია... ამაზე პასუხი უნდა იყოს ნაბიჯი წინ ერთობაში - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და ყველას მოუწოდებს 29 ივნისს, 20:00 საათზე ქუჩაში გავიდეს.
სწორედ ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთის - ამბობს მეხუთე პრეზიდენტი.
„ეს კვირა, ალბათ, ყველასთვის ძალიან მძიმე კვირად არის აღქმული. ერთ კვირაში ამდენი პოლიტპატიმარი არათუ საქართველოში, არამედ ძალიან ცოტა ქვეყანას თუ ახსოვს, მაგრამ ეს არ არის იმის მიზეზი, რომ ჩვენ გავჩერდეთ, რადგან პირიქით - ის, რაც ხდება იმის მაჩვენებელია, რომ ჩვენ უფრო ძლიერები ვართ. ის ფაქტი, რომ პლატფორმის პრაქტიკულად ყველა ლიდერი ციხეშია, აჩვენებს თუ რამდენად აწუხებთ მათ ეს წინააღმდეგობის ერთობა. ამიტომ პასუხი იმაზე, რაც ხდება, კიდევ ერთი ნაბიჯია წინ. ერთი ნაბიჯი წინ ნიშნავს, ერთ ნაბიჯს წინ ერთობაში - ყველას ერთად დგომას. ამისი საშუალება გვეძლევა კვირას, 20:00 საათზე, რომ ყველა გამოვიდეთ. ეს ის დღეა, როცა ყველანი ერთად უნდა გამოვიდეთ - პარტიის წევრები, აქტივისტები, მშობლები, არასამთავრობოები, ცალკეული ადამიანები, რომლებიც ვერ და არ მოდიან ყოველდღიურად პროტესტზე. მე იქ ვიქნები, თქვენ იქ იქნებით, ჩვენ ერთად დავდგებით და პასუხად დავანახებთ, რამდენად ძლიერია საქართველოს ერთიანობა, საზოგადოება, წინააღმდეგობა. ეს არის ერთადერთი ღირსეული პასუხი ჩვენი ღირსეული მომავლისთვის“, -განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.