ბრიტანეთის ამ გაფრთხილებას, შესაძლოა, სანქციების გაფართოება მოჰყვეს-საქართველოში პირველი კომენტარები კეთდება
ბრიტანეთის გაფრთხილება ქართულ ბიზნესს-საქართველოში ფიქრობენ, რომ რეალურად, ბრიტანეთს აქვს კონკრეტული ინფორმაციები და “მსგავსი ტიპის გზამკვლევი, არის იმის ირიბი აღიარება, რომ არსებობს პრობლემა და ხდება ჩვენი ქვეყნის გამოყენება, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად.“
ფინანსისტ, ირაკლი აბესაძის თქმით, ეს გაფრთხილება იმის ნიშანია, რომ “მათ არ სურთ, პირდაპირ სადამსჯელო ღონისძიებებზე გადავიდნენ და შანსს აძლევენ“.
ეს განცხადება მიანიშნებს, რომ მათ აქვთ კონკრეტული ინფორმაცია, მსგავსი პრობლემის არსებობის შესახებ, ქართული სახელმწიფოს და ბიზნესსუბიექტების მხრიდან. ეს მიანიშნებს, რომ მათ არ აქვთ სურვილი, პირდაპირ სადამსჯელო ღონისძიებებზე გადავიდნენ და აძლევენ შანსს, ყველა ასეთ სუბიექტს, რომ უარი თქვან აგრესორი რუსული სახელმწიფოს ეკონომიკის დაფინანსებასა და ხელის შეწყობაზე-ამბობს აბესაძე.
კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, საბა ბუაძე არ გამორიცხავს, რომ “ბრიტანეთის გაფრთხილების უგულებელყოფას, შესაძლოა, მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება ასევე გამოიხატოს სანქციების გაფართოებაში.“
გაერთიანებული სამეფოს მხრიდან, ასეთი ტიპის გზამკვლევის გამოქვეყნება არის იმის ირიბი აღიარება, რომ არსებობს პრობლემა, საქართველოსთან მიმართებაში, სადაც ხდება ჩვენი ქვეყნის გამოყენება, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად და ბუნებრივია, რომ ასეთი ტიპის ქმედებას და გაფრთხილების უგულებელყოფას, შესაძლოა მოყვეს კონკრეტული ნაბიჯები, რაც შეიძლება ასევე გამოიხატოს სანქციების გაფართოებაში. რეალობა არის ერთი -“ქართული ოცნება“ იმისთვის, რომ აქ რაღაც ტიპის ეკონომიკური ზრდა შეინარჩუნოს, იყენებს ჩვენ ქვეყანას, რომ რუსეთს დაეხმაროს სანქციების გვერდის ავლაში, რაც ძალიან სახიფათო სახიფათო თამაშია- ამბობს ბუაძე.
“ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, პეტრე ცისკარიშვილი კი აცხადებს, რომ “მათ არაერთხელ თქვეს, ივანიშვილის და მისი გუნდის დალაგებულ ე.წ. სქემებზე და ბუნებრივია, რომ ეს შეუმჩნეველი არავის დარჩებოდა.“
ვამბობდით, რომ ივანშვილმა და მის გარშემო არსებულმა, რამდენიმე ასეულმა ბიზნესმენმა დაალაგა ე.წ. სქემები, რუსეთთან ურთიერთობის კონტექსტში, რომ მათ სანქციებს გვერდი აუარონ და ამაზე ბენეფიტი, სამხედრო თვალსაზრისით, მიიღოს რუსეთმა, ხოლო ფულადი თვალსაზრისით, ბიძინა ივანიშვილის კლანმა, ეს რომ შეუმჩნეველი არ დარჩებოდა, ყველას ძალიან კარგად გვესმის,- განაცხადა ცისკარიშვილმა.
დიდი ბრიტანეთის მთავრობა ქართულ ბიზნესს აფრთხილებს-“ვინც რუსეთს სანქციებისაგან გვერდის ავლაში ეხმარება, თავად აღმოჩნდება სანქციების ქვეშ.“
განცხადებაში, რომელიც ბრიტანეთის სამთავრობო პორტლაზე აიტვირთა, კონკრეტული მაგალითებით არის ახსნილი - რა ითვლება სანქციებისგან თავის არიდებაში დახმარებად.
დოკუმენტის თანახმად, სანქციები არ ვრცელდება მხოლოდ ბრიტანეთის მოქალაქეებზე, ის ვრცელდება ყველა ბიზნესზე, რომელიც ბრიტანეთშია რეგისტრირებული.