მხოლოდ კომპლიმენტები და მადლობები-კობახიძემ საკუთარი მთავრობის საქმიანობა ისე შეაჯამა, რომ ფორმალური შენიშვნაც კი არ მიუღია
ირაკლი კობახიძემ საკუთარი მთავრობის საქმიანობა ისე შეაჯამა, რომ გუნდისგან ერთი ფორმალური შენიშვნაც კი არ მიუღია.
“ქართული ოცნების“ დეპუტატები, მას ერთმანეთის მიყოლებით კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და მადლობას უხდიდნენ იმისთვის, რომ “ის ქვეყანაში მშვიდობის შემოქმედი, დახვეწილი პოლიტიკოსია და მან და ბიძინა ივანიშვილმა, შეძლეს ის, რომ ქვეყანა ნამდვილ მშვიდობის კუნძულად გადაექციათ“.
ირმა ზავარდაშვილი იყო ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც კობახიძის სიტყვა ისე მოეწონა, რომ “ოპოზიციისთვის სასჯელად მისი დილა-შუადღე-საღამოს საკანში მოსმენა ისურვა.“
“დახვეწილობა“ მოუწონა ლადო კახაძემ საკუთარ პრემიერს და აღნიშნა, რომ “მისმა ყოველმა სიტყვამ მსმენელის გულში გაიარა.“
ტრიბუნასთან იდგა დახვეწილი პოლიტიკოსი, მისმა ყოველმა სიტყვამ გაიარა მსმენელის გულში. სტაბილურობა, აუცილებელი პირობა, განვითარება, კეთილსინდისიერბა, პროფესიონალიზმი, დღეს ქვეყნის დამოუკიდებლობას ამ კომპონენტების ერთიანობა განაპირობებს, რომელსაც ურთულეს დროს, სწორად უძღვება, ქვეყნის ხელისუფალი,- თქვა მან.
გამორჩეული მადლობის გადახდა არ დავიწყებია მათიკაშვილს არც ივანიშვილისთვის.
როგორ შეიძლება ასეთი კოლოსალური პროგრესი და წინსვლა ვერ დაინახო, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, გამორჩეული მადლობა ჩვენი გუნდის ლიდერს, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, რომ იმ ცეცხლის და ომის რკალში, რომელიც არის ჩვენს რეგიონში, საქართველო რჩება მშვიდობის კუნძულად,- თქვა მათიკაშვილმა.
კითხვა არ გასჩენია ვიქტორ სანიკიძეს, მან კობახიძეს სპორტის განვითარებისთვის გადაუხადა მადლობა.
“ახალი სახელმწიფოს მესაძირკვლე“ უწოდა “ოცნების“ ლიდერს გიორგი სოსიაშვილმა.
მე გეტყვით, გადაუჭარბებლად, რომ თქვენ ხართ ახალი საქართველოს, ახალი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი მესაძირკვლე. თქვენს გუნდთან ერთად აგრძელებთ იმ დიდ გზას, რომელიც ჩვენმა დიდმა ერისკაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა დასახა ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის-განაცხადა მან.
ირაკლი ზარქუა კოლეგებს არ ჩამორჩა და კობახიძეს “მშვიდობის შემოქმედი უწოდა“, თუმცა სიტყვის ბოლოს, სთხოვა, რომ წალენჯიხაში კანალიზაციის და წყალანირების პრობლემის მოგვარებაში დახმარებოდა.
წელს არ გთხოვთ, მაგრამ იქნებ მომავალ წელს, წალენჯიხისთვის ცენტრალური კანალიზაციის და წყალარინების პროქტი, რამენაირად ჩავსვათ. ეს იქნება საუკუნის პროექტი, -თქვა მან.
საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო სესია ირაკლი კობახიძის ანგარიშით დასრულდა.