ყოველი დაკავებული აქტივისტით საქართველო სულ უფრო ემსგავსება ბელარუსს, მოქმედების დროა - კოლსი
ყოველი დაკავებული აქტივისტითა და გაჩუმებული ხმით საქართველო სულ უფრო ემსგავსება ბელარუსს, - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი, რიჰარდს კოლსი გივი თარგამაძის დაკავებას.
ევროპარლამენტარი პლატფორმა X-ზე წერს, რომ "ახლა მოქმედების დროა, რადგან მხოლოდ სიტყვები რეპრესიებს არ გააჩერებს".
ყოველი დაკავებული აქტივისტითა და გაჩუმებული ხმით საქართველო სულ უფრო ემსგავსება ბელარუსს. ევროპარლამენტმა არაერთხელ მოითხოვა მკაცრი სანქციები მათ წინააღმდეგ, ვინც ხელს უწყობს ამ ავტორიტარულ სვლას. მოქმედების დროა - მხოლოდ სიტყვები რეპრესიებს არ გააჩერებს“, - წერს კოლსი.
ცნობისთვის, დღეს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გივი თარგამაძეს 7 თვით პატიმრობა მოუსაჯა, ასევე პოლიტიკოს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც. ამასთან, სასამართლომ, ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.