ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშრების... ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვის ბრძოლა გრძელდება - მამუკა ხაზარაძის წერილი ციხიდან
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" დაპატიმრებული ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ციხიდან წერილს აგზავნის - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მთავარი ადრესატი როგორც საკუთარი, ასევე სხვისი "შვილები" არიან. მამუკა ხაზარაძე შვილების თაობას მადლობას უხდის, რომ "ბევრი უსამართლობისა და წინააღმდეგობის" მიუხედავად, საქართველოს თავისუფალი მომავლისთვის ყოველთვის იბრძოდნენ.
ამასთან, საპატიმროში მყოფი მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ "ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვის და გაერთიანებისთვის ბრძოლა გრძელდება" - "რუსული რეჟიმის ჩამოშორება მხოლოდ ნაწილია დიდი მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია".
წერილი შვილებს, არამარტო ჩემსას
ანას, ნიკას, ელენეს, სოფოს, იოანეს, ასეთ წერილს პირველად გწერთ ყველას - ჩემს ხუთივე შვილს.
მადლობით მინდა დავიწყო ასეთები რომ ხართ - მართლები, ლაღები და თავისუფლები, უბრალოები და არაფრით გამორჩეულები, გარდა თქვენი ინდივიდუალიზმისა.
ბევრი უსამართლობის და წინააღმდეგობის, ხშირ შემთხვევაში გადაულახავის დროსაც, ერთხელაც არ გითქვამთ, რომ ქვეყანა დაგვეტოვებინა, იცოდით რა, რომ ამის შესაძლებლობა სულ გვქონდა.
მადლობა, რომ არც თქვენ გაგჩენიათ სურვილი სხვა ქვეყანაში ცხოვრების იმიტომ, რომ ზუსტად იცით და გრძნობთ, რომ ამ ქვეყანას დიდი მომავალი აქვს. იცით და ამაყობთ ამ ქვეყნის ტრადიციით და ისტორიით. იცით და გრძნობთ, რომ თუ თქვენ არა, სხვა ვერავინ უშველის ამ მართლაც უნიკალურ საქართველოს. თავისუფლები ხართ და ამიტომ ვარ ამაში ასე დარწმუნებული. თავისუფალმა ადამიანებმა მოიტანეს ეს ქვეყანა დღემდე. თავისუფლებას ერთი განსაკუთრებული თვისება აქვს - რაც უფრო ვიწროვდება შენს გარშემო სივრცე, უფრო ძლიერდება ეს გრძნობა. დღეს, ამ ოთხ კედელში გამოკეტილი, ამას განსაკუთრებული ძალით ვგრძნობ.
ეს ქვეყანა თავისუფალი ხალხის ასაშენებელია და არა მშიშრების. მხოლოდ თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ შექმნან რაიმე ღირებული, ინოვაცია, ბიზნესი თუ ხელოვნება. მშიშარა ადამიანზე საწყალი და უბედური არ არსებობს ქვეყანაზე არავინ. მადლობა ირინას თქვენი ასეთი აღზრდისთვის! მადლობა ყველა დედას თავისუფლებისმოყვარე შვილების აღზრდისთვის!
მიყვარხართ!
ბრძოლა გრძელდება ქვეყნის სრული გათავისუფლებისთვის და გაერთიანებისთვის. დიახ, რუსული რეჟიმის ჩამოშორება მხოლოდ ნაწილია დიდი მიზნის მისაღწევად, რასაც ქვეყნის გაერთიანება ჰქვია.
ბედნიერი ვარ, რომ ამ ბრძოლის ნაწილი ვარ, ჩემს ოჯახთან და თანამებრძოლებთან ერთად! მინდა, მოგიწოდოთ - კითხვა „გვეშველება რამე?“ უნდა ამოვიღოთ სასაუბრო ლექსიკონიდან. პასუხი არის ერთი - დიახ, გვეშველება! ამაყად და ხმამღლა უნდა ვიძახოთ და ვიმეოროთ - ჩვენ გავიმარჯვებთ!
ერთად საქართველოსთვის!
ერთად თავისუფლებისთვის!". - წერს მამუკა ხაზარაძე.
ცნობისთვის, დღეს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გივი თარგამაძეს 7 თვით პატიმრობა მოუსაჯა, ასევე პოლიტიკოს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც. ამასთან, სასამართლომ, ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.