არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი - ხოშტარიას პირველი კომენტარი შიმშილობის გამოცხადების შემდეგ
"არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი. პირიქით, მე ვფიქრობ ახლა არის გადამწყვეტი მოქმედებების დრო," - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, შიმშილობის გამოცხადების შემდეგ, "ტვ პირველთან" განაცხადა.
ხოშტარიას განცხადებით, ახლა არსებობს მხოლოდ ერთი გზა და ეს რევოლუციის გზით "ქართული ოცნების" დამხობაა. პოლიტიკოსი განმარტავს, რომ რევოლუცია არ ნიშნავს ძალადობას, ნიშნავს ერთად დგომას და ძალის ჩვენებას.
მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია სიცხადე, რატომ ვაკეთებ ამას, არავის არ უნდა ჰქონდეს განცდა, რომ ეს არის სასოწარკვეთილი ნაბიჯი. პირიქით, მე ვფიქრობ ახლა არის გადამწყვეტი მოქმედებების დრო ყველას მხრიდან, ჩვენი პარტნიორები არიან ციხეში, დასავლეთი ჩვენ მხარს გვიჭერს და ჩვენ, პოლიტიკურმა კლასმა უნდა ვანახოთ, რომ ყველაზე მეტზე ვართ წამსვლელები, ყველანაირ თავგანწირვაზე ვართ წამსვლელები და ხალხმა უნდა დაინახოს აზრი ქუჩაში გამოსვლის.
მე არც კი მინდა ვილაპარაკო ადგილობრივი თვითმმართველობის შინაარსზე, საერთოდ არანაირი თვითმმართველობის არჩევნები არ არსებობს. არსებობს ერთადერთი, რევოლუციის გზით ამათი დამხობა. ეს უნდა გავაკეთოთ, ოღონდ ეს არ ნიშნავს ძალადობას, ეს ნიშნავს ერთად დგომას, ჩვენი საზოგადოების ერთად გამოსვლას, დგომას ამათ მიმართ ძალის ჩვენებას.
ამიტომ დავდექი მე აქ, ამიტომ ვიდგები მე აქ, სანამ არ მოხდება ეს ცვლილება. აქ არ არის მოთხოვნა, რომ ვიღაც გამოუშვან ერთ, ან მეორე, აქ არის ჩემი მოქალაქეობრივი, პოლიტიკური პოზიცია, რომ ყველაფერი უნდა დავდოთ იმისთვის, რომ ესენი შევცვალოთ იმიტომ, რომ ესენი არიან რუსები.
არავის არ უნდა შეეშინდეს ამ ბრძოლის იმიტომ, რომ რევოლუცია არის სინამდვილეში არა ძალადობა, არამედ რევოლუცია არის აუცილებლობა, როცა შენ მოძალადე რეჟიმი გიწყობს თავად იმ ამბოხებას, რაც ჩვენ მოგვიწყვეს. ამიტომ, გავა ნელ-ნელა დრო და მივხვდებით, რომ მარტო რუსთაველზე გამოსვლა და დგომა ერთად იქნება ცვლილების გზა," - განაცხადა ხოშტარიამ.
პოლიტიკოსმა ასევე აღნიშნა, რომ მას "ქართული ოცნების" მიმართ მოლოდინები დიდი ხანია აღარ აქვს. ხოშტარიას თქმით, მას ერთობის მოლოდინი აქვს.
მე "ქართული ოცნების" მიმართ არ მაქვს მოლოდინი. მე მაქვს მხოლოდ საზოგადოების მიმართ მე მაქვს მოლოდინი ჩემი პარტნიორების მიმართ, მე მაქვს მოლოდინი პოლიტიკური სპექტრის მიმართ ერთობის, მე მაქვს მოლოდინი ხალხის მიმართ ერთობის და მაქვს მოლოდინი, რომ მართლა, თუ გულწრფელად ერთმანეთს ვეტყვით, რომ ერთადერთი რაც რუსებს შეგიძლია უქნა, ეს არის სიმართლით და ძალით დაამარცხო ამას ყველა ერთად ვანახებთ რეჟიმს. "ოცნების" მიმართ ჩემი მოლოდინი დიდი ხანია დამთავრებულია," - აღნიშნა მან.
ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ შიმშილობა, ცოტა ხნის წინ, რუსთაველზე გამოაცხადა.