ლატვია მკაცრად გმობს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების საფუძველზე ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას - ბრაჟე
"ლატვია მკაცრად გმობს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების საფუძველზე ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას და გასამართლებას" - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე პლატფორმა X-ზე წერს.
ბრაჟეს შეფასებით, "ქართული ოცნების" ქმედებები "დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია".
ლატვია მკაცრად გმობს პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების საფუძველზე ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებას და გასამართლებას. ეს ქმედებები დემოკრატიულ პრინციპებთან შეუთავსებელია. სოლიდარულები ვართ ქართველ ხალხთან მათ ბრძოლაში დემოკრატიული და პლურალისტური საქართველოსთვის". - წერს ბაიბა ბრაჟე.
ცნობისთვის, დღეს, წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებობის გამო, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა გივი თარგამაძეს 7 თვით პატიმრობა მოუსაჯა, ასევე პოლიტიკოს 2 წლით აეკრძალა თანამდებობის დაკავებაც. ამასთან, სასამართლომ, ნიკა მელიას წულუკიანის კომისიაზე არ გამოცხადების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აუკრძალა.
შეგახსენებთ, რომ წულუკიანის კომისიაზე არმისვლის გამო 7 თვიან პატიმრობაში არის კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი ზურა ჯაფარიძე. ამავე ბრალდებით 8-8 თვიანი პატიმრობა შეეფერდათ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს. კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო 7 თვიანი პატიმრობა აქვს შეფარდებული "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძესაც.