დანია "ოცნების" წინააღმდეგ მიზნობრივ სანქციებს მხარს უჭერს
დანია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციების დაწესების მომხრეა. დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი შეშფოთებას გამოთქვამს ოპოზიციონერი ლიდერების დაკავების და ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმის გამო. ამიტომ კოპენჰაგენში ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერს ევროკავშირმა პასუხი უნდა გასცეს.
„დანია მკაცრად გმობს „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის არაერთი ლიდერის დაპატიმრებას, სამოქალაქო საზოგადოების დევნას, დამოუკიდებელი მედიის შევიწროებასა და მზია ამაღლობელის წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივებას“, - წერია 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
„დანია მხარს უჭერს მიზნობრივ სანქციებს“, - აცხადებს დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლარს ლოკე რასმუსენი.
27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოს ჰყავს რვა პოლიტიკოსი, რომლებსაც წულიკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო პატიმრობა მიესაჯათ ან წინასწარ პატიმრობაში არიან და დღე-დღეზე ელიან განაჩენის გამოცხადებას.