თუ „ოცნების“ ქმედებები კიდევ უფრო გამწვავდება, ვიმედოვნებ, ბრიტანეთი სანქციების პოლიტიკას გააგრძელებს - სალ ბრინტონი
ევროპის მრავალი ქვეყანა მზადაა გადადგას საჭირო ნაბიჯები იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს სჭირდება ნამდვილი დემოკრატია და არა ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც ხალხს დემოკრატიას წართმევს - ამის შესახებ ჰელსინკში, სადაც, ამ წუთებში, "ალდეს" ყრილობა მიმდინარეობს, "პირველებს" დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა განუცხადა.
სალ ბრინტონმა "ტვ პირველს" უთხრა, რომ ევროპა შეშფოთებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, განსაკუთრებით კი ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებებს.
ბრიტანელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ თუ „ქართული ოცნების“ ქმედებები კიდევ უფრო გამწვავდება, გაერთიანებული სამეფო სანქციების პოლიტიკას გააგრძელებს.
სანქციები მუშაობს, არიან ადამიანები, ვინც უკვე ტოვებენ თანამდებობებს, რადგან კარგად იციან, რომ მათზე დაკვირვება მიმდინარეობს, და ისინი აღმოჩნდნენ ვითარებაში, როცა ვეღარ ახერხებენ მოგზაურობას - აცხადებს სალ ბრინტონი.
რეზოლუცია, რომლის მიღებასაც ვუჭერთ მხარს, უცხადებს თანადგომას იმ ადამიანებს, ვინც მიიჩნევს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენები მიუღებელი და უკანონოა. აუცილებელია, საქართველომ იცოდეს, რომ დანარჩენი ევროპა შეშფოთებით აკვირდება მოვლენებს – განსაკუთრებით პოლიტიკოსთა დაპატიმრებებს, რომელთა რაოდენობა უკვე შვიდს ან რვას აღწევს მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი არ ეთანხმებიან „ქართული ოცნების“ პოლიტიკას. ეს სრულიად გაუგებარი, არასწორი და დაუყოვნებლივ შესაცვლელია. თუმცა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – გვინდა, სოლიდარობა გამოვუცხადოთ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც ყოველ საღამოს ქუჩაში გამოდიან იმის სათქმელად, რომ მათ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დემოკრატიულობის პრინციპებს არ შეესაბამება. ჩვენ მხარს გიჭერთ.
მოხარული ვარ, რომ გაერთიანებულმა სამეფომ უკვე შემოიღო სანქციები საქართველოს ზოგიერთი მოქალაქის მიმართ. ვიმედოვნებ, რომ ეს ნაბიჯი გაგრძელდება, თუკი „ქართული ოცნების“ ქმედებები კიდევ უფრო გამწვავდება. აუცილებელია, დავაფიქსიროთ და დავგმოთ ანტიდემოკრატიული მოვლენები ევროპაში – ეს მიუღებელია 21-ე საუკუნეში.
ჩემი აზრით, უკვე გამოჩნდა, რომ სანქციები მუშაობს. არიან ადამიანები, ვინც უკვე ტოვებენ თანამდებობებს, რადგან კარგად იციან, რომ მათზე დაკვირვება მიმდინარეობს, და ისინი აღმოჩნდნენ ვითარებაში, როცა ვეღარ ახერხებენ მოგზაურობას, რაც მათი სურვილია.
გარდა ამისა, რუსი პოლიტიკოსებისა და სხვა ფიგურების მიმართ დაწესებული სანქციების გამოცდილებამ, განსაკუთრებით უკრაინის კონტექსტში, დაადასტურა, რომ სანქციებს ნამდვილად აქვს შედეგი. ცხადია, მეტი უნდა გაკეთდეს და გპირდებით, რომ ევროპის მრავალი ქვეყანა მზადაა გადადგას საჭირო ნაბიჯები იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს სჭირდება ნამდვილი დემოკრატია და არა ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც ხალხს დემოკრატიას წართმევს", - განაცხადა ბრიტანელმა პოლიტიკოსმა.
ჰელსინკში "ალდეს" ყრილობა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან.
რეზოლუციის დოკუმენტში, მიმოხილულია საქართველოში მიმდინარე ვითარება, დაგმობილია პოლიტიკური ლიდერების დაკავება, მათ შორის ამ რეზოლუციის ტექსტში არის შესწორება შეტანილი ელენე ხოშტარიას შესახებ, რომელმაც შიმშილობა დაიწყო. "ალდე: მხარდაჭერას უცხადებს ხოშტარიას. ამავე დოკუმენტში წერია, რომ არაკანონიერია კანონები, რომელიც "ოცნებამ" მიიღო.
დოკუმენტში არის მთავარი მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ლიდერები და სინდისის პატიმრები, ასევე 2025 წლის ბოლომდე ჩაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.