"გვჭირდება ევროკავშირის მტკიცე მოქმედება" - "ალდეს" ყრილობა ჰელსინკში დაპატიმრებული ზურაბ ჯაფარიძის წერილით გაიხსნა

28.06.25 13:08
"გვჭირდება ევროკავშირის მტკიცე მოქმედება" - "ალდეს" ყრილობა ჰელსინკში დაპატიმრებული ზურაბ ჯაფარიძის წერილით გაიხსნა

 

 

ჰელსინკში "ალდეს" ყრილობა მიმდინარეობს, სადაც საქართველოს შესახებ რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან. ყრილობა ცოტა ხნის წინ, დაპატიმრებული ოპოზიციონერი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის წერილით გაიხსნა. 

  • ზურა ჯაფარიძე, "გირჩი-მეტი თავისუფლება" "ალდეს" პოლიტიკური პარტნიორია საქართველოდან სხვა პარტიებთან ერთად. 

რუსთავის ციხიდან გაგზავნილი წერილი, რომელიც შეკრებაზე წაიკითხეს, ზურა ჯაფარიძე წერს, რომ 60-ზე მეტი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკური ლიდერი იმყოფება ციხეში მტკიცებულებებისა და კანონიერი სასამართლოს გარეშე.

ოპოზიციონერი ლიდერი საუბრობს სახელმწიფო ინსტიტუტებზე, რომელიც მისი თქმით, "რეპრესიების იარაღად იქცა".

პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ, მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან, ჟურნალისტებს თავს ესხმიან და აპატიმრებენ, კრიტიკოსებს უვრცელებენ ცილისმწამებლურ კამპანიებს, ხოლო სიტყვის თავისუფლება მწვავედ იზღუდება - წერია წერილში. 

ზურა ჯაფარიძე ევროკავშირს მტკიცე და მკაფიო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს - "საჭიროა "ქართულ ოცნების" რეჟიმის მიმართ მკაფიო პოლიტიკა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციები".

მე მინდა ეს სესია დავიწყო წერილით, რომელიც საქართველოს ციხიდან გამოგვიგზავნა ზურაბ ჯაფარიძემ. ის ჩვენი პარტნიორი პარტიის ლიდერია. 

ვწუხვარ, რომ წლევანდელ ALDE საბჭოზე პირადად არ ვარ, რუსთავის ციხიდან მოგმართავთ, სადაც პოლიტიკური პატიმრის სტატუსით მაკავებს რუსეთის მხარეს დამდგარი ქართული ოცნების რეჟიმი.
მაგრამ მარტო არ ვარ. 60-ზე მეტი აქტივისტი, ჟურნალისტი და პოლიტიკური ლიდერი იმყოფება ციხეში მტკიცებულებებისა და კანონიერი სასამართლოს გარეშე — მხოლოდ იმიტომ, რომ იცავდნენ საქართველოს კონსტიტუციას და ჩვენს ევროპულ არჩევანს. მათ შორის არიან ლელოს ლიდერები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, ასევე სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერი გიორგი ვაშაძე — ALDE-ს წევრი პარტიების წარმომადგენლები.
ქართული ოცნების რეჟიმმა რუსული ტიპის კანონებით სასტიკი შეტევა დაიწყო სამოქალაქო საზოგადოებაზე, დამოუკიდებელ მედიაზე, პოლიტიკურ პარტიებსა და აკადემიურ თავისუფლებაზე. სახელმწიფო ინსტიტუტები გადაიქცა რეპრესიების იარაღად. პოლიტიკურ ლიდერებს იჭერენ, მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან, ჟურნალისტებს თავს ესხმიან და აპატიმრებენ, კრიტიკოსებს უვრცელებენ ცილისმწამებლურ კამპანიებს, ხოლო სიტყვის თავისუფლება მწვავედ იზღუდება. და მაინც, ქართველი ხალხი არ ნებდება. უკვე 212 დღეა, მოქალაქეები ყოველდღიურად მშვიდობიანად აპროტესტებენ ამ რეჟიმს, მიუხედავად ძალადობისა, დაკავებებისა და ადმინისტრაციული დევნისა. არასამთავრობო ორგანიზაციები და დამოუკიდებელი მედია გახდნენ რეპრესიული კანონების სამიზნე — მათ მტრებად აცხადებენ და ფინანსურ გზებს უკეტავენ. პროტესტის მონაწილეებს ყოველდღიურად აჯარიმებენ იმის გამო, რომ იმყოფებიან ქვეყნის დედაქალაქის მთავარ გამზირზე. ბევრი მათგან დააკავეს და სასამართლო დევნა დაიწყეს საჯარო განცხადებებისა და სოციალურ ქსელებში გამოხატული მათი პროტესტის გამო.
ამ დევნის მიზანია წინააღმდეგობის გატეხვა — მაგრამ დევნამ მხოლოდ გაგვაძლიერა .
ეს მხოლოდ ჩვენი ბრძოლა არ არის. ეს ბრძოლა რუსთაველის გამზირზე განსაზღვრავს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სომხეთის მომავალსაც. ეს განსაზღვრავს შავი ზღვის უსაფრთხოებას, ევროპისა და ცენტრალური აზიის ეკონომიკური კავშირების მომავალს და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებას.
ამიტომ გვჭირდება ერთობლივი ბრძოლა. გვჭირდება ევროკავშირის მკაფიო და მტკიცე მოქმედება: ქართულ ოცნების რეჟიმის მიმართ მკაფიო პოლიტიკა და მისი ხელშემწყობების წინააღმდეგ მიზნობრივი სანქციები. ამ კრიზისს ვერ მოაგვარებს ცარიელი დიალოგი. მისი გადაჭრა მხოლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით და ყველა პოლიტპატიმრის უპირობო გათავისუფლებით არის შესაძლებელი", - წერია წერილში, რომლის წაკითხვის შემდეგ ევროპელმა პოლიიტკოსმა თქვა, რომ "ძალიან რთულია ამ წერილის შემდეგ სესიის გაგრძელება, ჩვენ მხარდაჭერას ვუცხადებთ მას".

რეზოლუციის დოკუმენტში, რომლის მისაღებადაც "ალდე" ემზადება, მიმოხილულია საქართველოში მიმდინარე ვითარება, დაგმობილია პოლიტიკური ლიდერების დაკავება, მათ შორის ამ რეზოლუციის ტექსტში არის შესწორება შეტანილი ელენე ხოშტარიას შესახებ, რომელმაც შიმშილობა დაიწყო.  "ალდე: მხარდაჭერას უცხადებს ხოშტარიას. ამავე დოკუმენტში წერია, რომ არაკანონიერია კანონები, რომელიც "ოცნებამ" მიიღო.

დოკუმენტში არის მთავარი მოწოდება, რომ დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ პოლიტიკური ლიდერები და სინდისის პატიმრები, ასევე 2025 წლის ბოლომდე ჩაინიშნოს საპარლამენტო არჩევნები.  

მსგავსი სიახლეები