მოსამართლე, რომლის ოჯახის შემოსავალი თვეში 50 000 ლარია
ვინ არის მოსამართლე, რომელმაც წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ლელოს დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე რვა-რვა თვით ციხეში გაუშვა? - ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ზვიად შარაძის და მისი ცოლის ანაზღაურებამ ნახევარ მილიონს გადააჭარბა.
ლისის უბანში, აპარტამენტი პრემიემ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში, მოსამართლის ახალი შენაძენია. საყურადღებოა დეკლარაციაში დაფიქსირებული ფასი - დოკუმენტის თანახმად, 165 - კვადრატულ მეტრ ფართში მოსამართლემ მხოლოდ 100 ათასი დოლარი გადაიხადა. მოსამართლე ამტკიცებს, რომ ერთ კვადრატულ მეტრში 606 დოლარი გადაიხადა. ნასყიდობის ხელშეკრულება მისი მტკიცებით, 2023 წლის ივლისში გაფორმდა. შარაძე დეკლარაციაში უთითებს, რომ ბინა განვადებით შეიძინა.
გახმაურებული საქმეების მოსამართლის ოჯახი სამ ბინას ფლობს; ერთი ბათუმშია, ორი თბილისში. ერთში მოსამართლე ოჯახთან ერთად ცხოვრობს, მეორე, გაქირავებული აქვთ.
მოსამართლე წლების განმავლობაში დეკლარაციაში უთითებდა, რომ ფულს პენსიონერი დედა ჩუქნიდა. 2023 წელს დედამ მოსამართლე შვილს 10 ათასი აჩუქა. 2024 წელს მოსამართლის შვილს - ნუცა შარაძეს ბებიამ აჩუქა ათი ათასი ლარი. 2021 წელს კი ზვიად შარაძის დედამ რძალს აჩუქა 35 ათასი ლარი. "საერთაშორისო გამჭვრვალობამ" დათვალა, რომ ჯამში შვიდი წლის განმავლობაში, ცოლ - ქმარმა მშობლებისგან საჩუქრად 120 ათას ლარზე მეტი თანხა მიიღეს. წლევანდელ დეკლარაციაში ყურადღებას მოსამართლის მეუღლის შემოსავალი იქცევს. მხოლოდ ერთი კომპანიიდან თამარ ფასიეშვილს, ხელფასის სახით 2024 წელს 326 ათასი ლარი ჩაერიცხა. მოსამართლის ცოლს საკუთარი კომპანიაც აქვს, საიდანც წელს შემოსავლის სახით 175 ათასი ლარი მიიღო. ჯამში მოსამართლის ცოლის შემოსავალმა 505 ათასი ლარი შეადგინა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" ჯერ კიდევ 2024 წელს დაწერა, რომ გახმაურებული საქმეების მოსამართლემ სამ დეკლარაციაში არ მიუთითა მეუღლის უძრავი ქონება. საუბარია ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე. ზვიად შარაძე 2019 წლის ივნისიდან თანამდებობაზე უვადოდ გამწესებული მოსამართლეა. ამავე წლის დეკემბრიდან ის სისხლის სამართლის საქმეებს განიხილავს. მანამდე ოთხი წელი თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.