„ქუჩაში, ციხეში თუ ემიგრაციაში – ბრძოლა ერთია“ - თემურ ქათამაძე შიმშილობას იწყებს
თემურ ქათამაძე, რომელსაც საზოგადოება „ბათუმელი მედროშის“ სახელით იცნობს, სტამბოლიდან ემოციურ გზავნილს ავრცელებს. ქათამაძე ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას უერთდება და თავადაც შიმშილობას აცხადებს. ბათუმელი მედროშის წერილს გამოცემა "ბათუმელები" აქვეყნებს.
„გულანთებულო მამულიშვილებო, თანამებრძოლებო! საზღვარგარეთიდან ვუერთდები ელენე ხოშტარიას მიერ რუსთაველის გამზირზე დაწყებულ პროტესტის უკიდურეს ფორმას და მეც ვაცხადებ შიმშილობას! ყველა მოშიმშილესადმი გამოვხატავ ჩემს სრულ მხარდაჭერასა და სოლიდარობას! ჩვენი სამშობლოს გადარჩენისთვის ამ რთული ბრძოლის უკვე ბოლო ფაზაში შესული ვართ“, – წერს ქათამაძე.
ქათამაძე საზოგადოებას მოუწოდებს, გადადონ ყოველდღიური საქმიანობა და 29 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ: „დღეს თქვენთან ერთადერთი თხოვნა მაქვს: ხვალ ჩვენი ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საქმეები გადავდოთ და ყველა გავიდეთ რუსთაველზე“.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს შესაძლოა, უკანასკნელი შანსი იყოს: „თუ ახლა ვერ ვაჩვენეთ ჩვენი ძალა, ხვალ ამის შესაძლებლობა აღარ გვქონდეს“.
29 ივნისს ერთხელ კიდევ და საბოლოოდ ვაჩვენოთ ივანიშვილის რუსულ რეჟიმს და მსოფლიოს ის, რომ ჩვენ საქართველოსა და თავისუფლებისთვის ყველაფერს გავრისკავთ, ჩვენ ამ ისტორიულ ბრძოლაში, სადაც არ უნდა ვიყოთ: ციხეში თუ ქუჩაში, ქალაქში თუ სოფელში, ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ, ახალგაზრდა თუ მოხუცი, შეძლებისდაგვარად ჩვენს ბრძოლას გავაგრძელებთ ბოლომდე და გამარჯვებამდე, მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმით და საჭირო დროს ქუჩაში გასვლითა თუ შიმშილობით! ძალა ჩვენშია!
ახლა ზუსტად ის დროა, როდესაც ყველა ერთად უნდა გავიდეთ ქუჩაში და დავასრულოთ ეს დიქტატურა – კოშმარი სამუდამოდ!, – წერს თემურ ქათამაძე.