შსს "პირველების" ინფორმაციას ადასტურებს - სააკაშვილის საქმეზე კიდევ 2 პირი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოყვანის საქმეზე კიდევ ორი პირის დაკავების შესახებ ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
გომალაურის უწყებამ "ტვ პირველის" მიერ გავრცელებული ექსკლუზიური ინფორმაცია დაადასტურა, და თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში კიდევ ორი პირი დააკავა.
დაკავებულები არიან - 1984 წელს დაბადებული შალვა წოწორია და მისი მამა, 1960 წელს დაბედებული ზურაბ წოწორია.
სამართალდამცველებმა ამავე ბრალდებით - დანაშაულის დაფარვისთვის მიმდინარე წლის 1 ოქტომბერს, 1958 წელს დაბადებული ე.ც. დააკავეს. საქართველოს პროკურატურამ დაკავებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 375-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით ბრალდება წარუდგინა, რაც მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვას გულისხმობს. დანაშაული ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მსჯავრდებული, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, ორგანიზებული ჯგუფის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანისა და მძიმე დანაშაულის წინასწარ შეუპირებლად დაფარვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 344-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და 375-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. აქტიურ რეჟიმში ტარდება ყველა შესაბამისი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება"- წერია შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში.