წმენდა საგარეო უწყებაში - დიპლომატები, ვისაც ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე აქვს ხელი მოწერილი, სამსახურიდან გაუშვეს
დავით ბაზერაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში 13 წელი მუშაობდა - საჯარო მოხელეს მრავალწლიანი სტაჟით დიპლომატიურ უწყებაში ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო მისია ქონა. სწორედ მას ევალებოდა ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციაზე მუშაობაა, თუმცა მოულოდნელად, დასვენების დღეს შეტყობინება მიიღო, რომ სამსახურიდან გაუშვეს. დავით ბაზერაშვილი ერთ-ერთია იმ ასობით საჯარო მოხელიდან, ვისაც ევროინტეგრაციის მხარდამჭერ პეტიციაზე აქვს ხელი მოწერილი, ამიტომაც ფიქრობს, რომ ის დასაჯეს.
ჯერ საკუთარ პოზიციაზე დასასაქმებლად ხელახალ კონკურში მონაწილეობა აიძულეს, შემდეგ კი გაირკვა, რომ მის დეპარტამენტში თანამშრომლების რიცხვი 13-დან სამამდე შეამცირეს.
სამსახურიდან გათავისუფლების ასეთი ბრძანება საგარეო საქმეთა სამინისტროდან შაბათს ათზე მეტმა საჯარო მოხელემ მიიღო. ირკვევა, რომ მაკა ბოჭორიშვილმა წმენდის ახალ სერიას ხელი დასვენების დღეს მოაწერა.
გათავისუფლებულთა უმეტესობა პროევროპულ პეტიციაზე ხელმომწერია, ამიტომაც მათ ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათი გვარები შემთხვევით არავის აურჩევია. ქეთი ფრუიძე სამინისტროში საერთაშორისო სამართლის დეპარტამენტში მრჩევლის პოზიციაზე მუშაობდა, ჰქონდა უვადო ხელშეკრულებაც, თუმცა ისიც წმენდაში მოყვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაუშვეს ყველაზე სტაჟიანი საჯარო მოხელეები და დიპლომატები. ზოგიერთ მათგან უწყებაში მუშაობის 28 წლიანი ისტორია აქვს.