რვა ოპოზიციური პარტია თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს
"კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი ელენე ხოშტარია და გედევენ ფოფხაძე შიმშილობას წყვეტენ - ამის შესახებ „დროას“ დამფუძნებელმა პარლამენტთან განაცხადა.
შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება პოლიტიკოსებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხოშტარიას თქმით, 8 ოპოზიციურმა პარტიამ შეთანხმებას მიაღწია 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არმონაწილეობასთან დაკავშირებით.
- ამ რვა პარტიას შორის არ არიან არც „ლელო“ და არც გიორგი გახარიას „საქართველოსთვის“
"ჩვენ, საქართველოს პროდასავლური პოლიტიკური პარტიები და ჯგუფები, რომელთა მიზანიც არის ივანიშვილის რუსული რეჟიმის სრული დემონტაჟი, საქართველოს დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის დაცვა, ევროპული ტიპის დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრება, ჩვენი მოქალაქეებისათვის უსაფრთხო გარემოსა და ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობის შექმნა, ჩვენი ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანება, ერთობლივად ვაცხადებთ:
1. უარს ვამბობთ ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ არსებულ რეალობაში ამ პროცესში მონაწილეობა არ მოემსახურება ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, და მხოლოდ ლეგიტიმაციის ფასადს შეუქმნის უკანონო რუსულ რეჟიმს;
2. ვაცნობიერებთ ერთობლივი მოქმედების აუცილებლობას და ვაცხადებთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ რათა ჩვენი პრინციპული, უკომპრომისო ბრძოლითა და შრომით მაქსიმალურად დავაჩქაროთ არადემოკრატიული, ოლიგარქიული სისტემის დასასრული.
გვჯერა, რომ გამარჯვების გზა რეჟიმთან სრულ ართანამშრომლობაზე გადის. საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ვაგრძელებთ საერთო ეროვნულ წინააღმდეგობას.
ბოლომდე!"- წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ შემდეგი პარტიები:
- თავისუფლების მოედანი
- ევროპული საქართველო
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
- სტრატეგია აღმაშენებელი
- ახალი
- გირჩი-მეტი თავისუფლება
- დროა
- ფედერალისტები