პაპუაშვილის აზრით: "კამერები და პირდაპირი ჩართვები დამსწრეთა მიტინგურ საქციელს ახალისებდა"
შალვა პაპუაშვილის აზრით, მედიის კამერები და პირდაპირი ჩართვები დამსწრეთა მიტინგურ საქციელს ახალისებდა.
მისი განცხადებით, ეს არის "ისტერიული გარემოს დათესვა" და მიტინგებზე სასამართლო გადაწყვეტილებები ვერ მიიღება.
სხდომები არის საჯარო, მათ შორის, ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს შეუძლია დაესწროს, მედიასაც შეუძლია დაესწროს, ყველაფერი არის საჯარო სხდომები.
რაც შეეხება გადაღების აკრძალვას, ჩვენ ვუყურებთ და ვრეაგირებთ მათ შორის პრაქტიკაზე, სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფის მიზნით, მნიშვნელოვანია, რომ ისტერიული გარემოს გარეშე ჰქონდეს შესაძლებლობა სასამართლოს რომ იმსჯელოს ძალიან სერიოზულ საკითხებზე.
სასამართლოში სხვადასხვა მიმართულებით, წყდება ხანდახან ადამიანების თავისუფლების ბედი, თუ ქონებრივი საკითხების ბედი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად სასამართლოს უნდა ჰქონდეს სამუშაო გარემო, სადაც სასამართლო, ბრალმდებელი და ადვოკატი საქმიან გარემოში განიხილავენ საკითხს.
ჩვენ რასაც ვაკვირდებოდით ბოლო პერიოდი, ეს არის ისტერიული გარემოს დათესვა. მიტინგებზე სასამართლო გადაწყვეტილებები ვერ მიიღება. ფაქტი იყო, რომ ექსტრემისტული მედია, პარტიული მედია სასამართლო დარბაზში აწყობდა მიტინგს, ეთის მხრივ თავად და მეორეს მხრივ, კამერები და პირდაპირი ჩართვები ახალისებდა მიტინგურ საქციელს და მიტინგზე სასამართლოები არ იმართება. მიტინგზე არის ლინჩის წესით გასამართლება..." - განაცხადა პაპუაშვილმა.
ცნობისთვის, 2 დღეა რაც სასამართლო მედიისთვის დაიხურა - 27 ივნისს ძალაში შევიდა "საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილება", რომლის მიხედვითაც, სასამართლოში მედიის მუშაობა მნიშვნელოვნად იზღუდება.
- ცვლილების მიხედვით, ყოველი კონკრეტული პროცესის წინ მედიის სხდომაზე დაშვების ნებართვას იუსტიციის საბჭო გასცემს.
გუშინ შეზღუდვა ამოქმედდა და მედიის წარმომადგენლებს კამერებით სასამართლოში შესვა აეკრძალათ, თუმცა ამ დრომდე ბუნდოვანია, ვინ, როდის ან რა ფორმით გასცემს ნებართვებს უფლებამოსილი პირის მიერ სასამართლო პროცესების გადაღების შესახებ.