ივანიშვილო, სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, არ მოგასვენებ - ნიკა მელია
მიხეილ სააკაშვილს ჩემგან პირადად მოკითხვა - ამის შესახებ რუსთავის N12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან მიმდინარე აქციაზე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილსა და მას შორის შუღლის ჩამოგდება არავის გამოუვა. მელია ამბობს, რომ სანამ მიხეილ სააკაშვილი ციხეშია, ის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში იქნება.
რასაც არ უნდა ცდილობდნენ, ჩემსა და მას შორის შუღლი ჩამოაგდონ, არ გამოუვიდათ არასდროს და არც არასდროს გამოუვათ! ჩემი ადამიანური, პოლიტიკური, კაცური, მოქალაქეობრივი ვალია და ვალდებულებაა, სანამ ეს ადამიანი არის ციხეში, მანამდე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ვიბრძოლო. ეს არის ჩემი ადამიანური და მეგობრული ვალდებულება და ასეა ასი ათასობით საქართველოს მოქალაქე. სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, განცხადებას, სამოქმედო გეგმებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება მას და „ნაცმოძრაობას“, პარტიის სახელით გავაკეთებ მე"- განაცხადა მელიამ.
მისი თქმით, ჭკუითაც უნდა აჯობონ "ამ ვერაგ მტერს, ბიძინა ივანიშვილის, რომელიც ჩასაფრებულია".
პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობას ვუსურვებ. მიშა, ყველაფერი იქნება კარგად! ამ ქვეყანას აქვს ნათელი მომავალი, შანსი, რომელსაც ჩვენ 30 ოქტომბერს გამოვიყენებთ და ამ შანსის რეალიზების შემდეგ ცხოვრების სტანდარტი იქნება ბევრად უკეთესი, საიდანაც კი არ გაიქცევიან, არამედ დაბრუნდებიან. იცოდე, ბიძინა ივანიშვილო, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ციხეში, მანამდე შენს წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში, ვიქნები. სიცოცხლის ფასადაც რომ დამიჯდეს, ეს საფრთხეც რომ არსებობდეს. არ მოგასვენებ, მანამ სანამ ტყვეობიდან ამ სახელმწიფოს არ გაათავისუფლებ. რომ არ ვხუმრობ და რამდენად არ ვხუმრობ, ამას 30 ოქტომბერს განახებ“, - განაცხადა მელიამ.