ბიზნესმენი ნოშიკო ნამორაძე "ოცნებამ" საზღვარზე არ გაუშვა - ლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილის ინფორმაციით, "ოცნებამ" მასთან დაახლოებული ბიზნესმენი, ნოშრევან ნამორაძე საზღვარზე არ გაუშვა.
როგორც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, გადაცემა "დღის ამბებში" აცხადებს, ნოშრევან ნამორაძეს, ივანიშვილის გუნდთან პრობლემები აქვს.
მისივე განცხადებით, ნამორაძის გარდა, ივანიშვილი სხვა ბიზნესმენებსაც "მიადგა" - "ამ ბიზნესმენებს ეუბნებიან, ფული მოიტანე ჯიგარო".
ნოშიკო ნამორაძე "ქართული ოცნების" მეხოტბე იყო, მაგრამ მე ვიცი, რომ ახლა პრობლემები აქვს. მათ შორის, ჩემი ინფროამციით, ნოშიკო ნამორაძე საზღვარზე არ გაუშვეს. რავიცი, გამოჩნდეს და თავად თქვას თუ არ აქვს პრობლელები. როცა არ ჰქონდა, ხომ გამოჩნდებოდა ხოლმე, ილანძღებოდა და აგინებდა წინა ხელისუფლებას. რავიცი, მე ამ ბიზნესმენზე ეს ინფორმაცია მაქვს. სხვა ბიზნესმენებსაც მიმდგრები არიან და ეუბნებიან, "ფული მოიტანე ჯიგარო". ივანიშვილი ასე უყურებს, რომ აქ რა ფულსაც შოულობენ, მისია", - განაცხადა ხაბეიშვილმა.
განახლება:
ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, ნოშიკო ნამორაძის ადვოკატი, ირმა ჭკადუა, რომელმაც რიგი მედიასაშუალებები ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და დაწერა, რომ “ეს ყველაფერი ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის საქმიანი რეპუტაციის წინაღმდეგ იყო მიმართული და მიზნად ისახავდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას.“
გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებებით დღეს გავრცელებულ ცრუ ინფორმაციას, რომელიც ბიზნესმენ ნოშრევან ნამორაძის საქმიანი რეპუტაციის წინაღმდეგ იყო მიმართული და მიზნად ისახავდა საზოგადოების განზრახ შეცდომაში შეყვანას.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნოშრევან ნამორაძე და მისი ოჯახის წევრები ხშირად გამხდარან თავდასხმის ობიექტები კონკრეტული მედიასაშუალებების მხრიდან. როგორც ჩანს, მორალური მედია ტერორი არ აღმოჩნდა საკმარისი და დღეს გავრცელებული ცრუ ინფორმაციით ცდილობენ მისი საქმიანი რეპუტაციის დაზიანებას, რაც აღიქმება მის ბიზნესზე თავდასხმად, რაც ნამდვილად "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა - ბიზნესის რეკეტი. ეს მანკიერი პრაქტიკა საზოგადოებამ 2012 წელს მოქმედ ხელისუფლებასთან ერთად დაასრულა...
მეტი სიცხადისთვის მათთვის, ვისაც არ ახსოვს - ნოშრევან ნამორაძე და მისი ოჯახი წინა ხელისუფლების მსხვერპლია. მას ერთხელ უკვე ჩამოართვეს ბიზნესი და დააკავეს. 16 წლის შემდეგ, ნოშრევან ნამორაძის მიმართ ამ საქმეებზე დადგა გამამართლებელი განაჩენი.
დღეს კონკრეტულ მედიასაშუალებებში შექმნილი ხელოვნური აჟიოტაჟი, რომელიც გამოგონილ ფაქტებზეა დამყარებული, არის ახალი კამპანიის ნაწილი, რომელიც კოლექტიურმა "ნაციონალურმა მოძრაობამ" მათ მიერვე დაფინანსებული სატელევიზიო ეთერებიდან წამოიწყო.
დეზინფორმაციის გამავრცელებლების მიზანია, მიიპყრონ საზოგადოების ყურადღება და ავტორიტეტული გვარების ხსენებით ცდილობენ იაფფასინი ტელეშოუების მოწყობას, თუმცა, როგორც ჩანს, ცრუ განცხადების გამავრცელებლებს ავიწყდებათ, რომ ძალაში შევიდა კანონი ცილისწამების შესახებ, რაც მათ ავალდებულებს გავრცელებული ინფორმაციის და ფაქტების უტყუარობის დამტკიცებას.
ჩვენი მხრივ, მოუწოდებთ მედიასაშუალებებს და კერძო პირებს, ნუ გაავრცელებენ დაუზუსტებელ ინფორმაციას, მით უფრო ისეთ არასერიოზულ პოლიტიკოსზე დაყრდნობით, როგორც დღეს გავრცელებული განცხადების ავტორია..
P.S. ცრუ განცხადების გამავრცელებლებს შევახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" მეხოტბედ მოხსენიებული ნოშრევან ნამორაძე "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმის მსხვერპლია, - დაწერა ირმა ჭკადუამ.
შეგახსენებთ, რომ ოპოზიციის ინფორმაციით, "ქართულ ოცნებაში" ფულის გამო შიდა დაპირისპირებაა. "ქართული ოცნების" ოპონენტებს აქვთ ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი ქვეყნიდან არ გაუშვეს.
ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსისგან 100 მილიონის მიტანას ითხოვენ. ოპოზიციის ლიდერის განცხადებითვე, ე.წ. კრიმინალები პასუხს სთხოვენ ექს პირველ პოლიციელსაც - საუბარია ვახტანგ გომალაურზე, რომელმაც თანამდებობა ირაკლი რარიბაშვილის გადადგომიდან რამდენიმე დღეში დაოვა.
ენმ-ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ 300 მილიონი მოსთხოვეს აჭარის მთავრობის ყოფილ ხელმძღვანელს.
ივანიშვილის მოწინააღმდეგეები აცხადებენ იმასაც, რომ ეკონომიკის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, რომეო მიქაუტაძე სწორედ ამ დაპირისპირებას შეეწირა.