"გადამწყვეტი ზომების მიღების დროა" - რას ნიშნავს ბრიტანეთის ინიციატივით, საქართველოზე ჩატარებული შეხვედრა

02.07.25 11:41
"გადამწყვეტი ზომების მიღების დროა" - რას ნიშნავს  ბრიტანეთის ინიციატივით, საქართველოზე ჩატარებული შეხვედრა

 

 

"ქართული ოცნების" აგრესია და ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად, ყველა ოპოზიციური პარტიის ლიდერი საპატიმროშია, ვერ ჩაივლის უპასუხოდ,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინათინ ხიდაშელი საუბრობს.

მისი თქმით, ევროპული ლიდერების საკოორდინაციო შეხვედრა სწორედ იმაზე მიანიშნებს, რომ დასავლეთი კონკრეტული ზომების მიღებაზე გადადის. 

აგრესია, თუ რავიცი, რა შეგვიძლია, ამას დავარქვათ, რაც "ქართულმა ოცნებამ" გამოავლინა, იმ ტიპის მკვეთრი მოძრაობა, რაც განახორციელა, რომ ქვეყნის, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელი საპატიმროში ჰყავს გამომწყვდეული, ვერ ჩაივლიდა მარტივად და შეხვედრა, რომელიც შედგა ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს შორის, იყო სწორედ იმის თაობაზე, რომ გადამწყვეტი ზომების მიღების მომენტია, - ამბობს ხიდაშელი. 

საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ევროპულ საქმეთა მინისტრების ინიციატივით, საქართველოს გარშემო შექმნილ ვითარებაზე პარტნიორ ქვეყნებს შორის საკოორდინაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას, რომელიც ონლაინფორმატში ჩატარდა, ესწრებოდნენ შვედეთის, საფრანგეთისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახური და ჰელსინკის კომისიის მრჩეველი მაიკლ ჩეჩირე.

საფრანგეთის მინისტრმა ბენჟამენ ადადიმ აღნიშნა, რომ „ქართული ოცნების“ ავტორიტარული გადახრები მიუღებელია და ეს კურსი ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. მისივე თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ამ ვითარებას უპასუხოდ არ დატოვებენ.

შეგახსენებთ, ერთი დღით ადრე, დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში დაბარებული იყო საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი. ლონდონმა მწვავედ გააპროტესტა „ქართული ოცნების“ მიერ დასავლელი პარტნიორების წინააღმდეგ წამოწყებული ცრუ ბრალდებები და ცალკეული ოპოზიციური ლიდერების დაკავება, რაც, ბრიტანეთის შეფასებით, ეწინააღმდეგება დემოკრატიულ ღირებულებებს და საქართველოს კონსტიტუციურ ვალდებულებებს.

 

მსგავსი სიახლეები