"რატომ ყიდულობენ პირბადეებს და ჩაფხუტებს აქციის მონაწილეებისთვის?"- რაჟდენ კუპრაშვილი EU-ს დაუპირისპირდა

02.07.25 13:29
"რატომ ყიდულობენ პირბადეებს და ჩაფხუტებს აქციის მონაწილეებისთვის?"- რაჟდენ კუპრაშვილი EU-ს დაუპირისპირდა

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი უკმაყოფილოა, რომ დასავლეთის დაფინანსებით არასამთავრობო ორგაზანიზაციები აქციის მონაწილეებს ჩაფხუტებით და პირბადეებით ამარაგებდნენ. ამის შესახებ რაჟდენ კუპრაშვილმა "პირველებთან" ისაუბრა. დღეს მან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა "ოცნებისადმი" ლოილურად განწყობილ არასამთავრობოებთან გამართა, სადაც გრანტების შესახებ კანონის შესახებ ისაუბრა. 

კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ სიცრუეა, თითქოს აღნიშნული კანონი სამოქალაქო სექტორის შეზღუდვას ემსახურება

ცრუა ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ეს კანონები უზღუდავს რომელიმე ორგანიზაცის საქმიანობას. ეს კანონი აწესებს რეგულაციებს გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს კანონი არის ანალოგი აშშ-ს კანონმდებლობის და თუ მათ აქვთ კრიტიკები, მათ შეუძლიათ, მიმართონ სენატს და კონკგრესს და კრიტიკა იქ გაავრცელონ. ჩვენ გადმოვაკოპირეთ აღნიშნული კანონი აშშ-გან, - თქვა დღეს კუპრაშვილმა. 

კითხვაზე, ერგება თუ არა აღნიშნული კანონი ქართულ რეალობას, კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ "ერგება". ამასთან, ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი დასავლეთს "შეფარულ საქმიანობაში" ადანაშაულებს. 

რა თქმა უნდა, ერგება ქართულ რეალობას. ჩვენი გაცხადებული რეფორმები ყველა უკავშირდება როგორც დასავლურ, ისე ევროპული მიმართულებით. რაც შეეხება იმ ორგანიზაციებს, ვინც ამას აკრიტიკებს, ამ ორგანიზაციებს უნდა ჰკითხოთ, რატომ აქვთ შეფარული საქმიანობა. ისინი ყიდულობენ ჩაფხუტებს, ყიდულობე ბანერებს რამდენიმე ასი ათასობით დოლარის. როდესაც აკრიტიკებენ და იცავენ ამ ორგანიზაციებს,აქ კიდევ დამატებითი კითხვებია. რა თქმა უნდა, ყველას თავისი მხარდამჭერი ჰყავს, თუმცა ეს ჩვენ განწყობებზე არ მოქმედებს, - ამბობს კუპრაშვილი.  

კითხვაზე, მართებულია თუ არა, რომ თანხების მიზნობრიობას ირაკლი კობახიძე წყვეტს, კუპაშვილი ასე პასუხობს:  

პრემიერ-მინისტრი არის მთავრობის მეთაური, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრმა და მთავრობამ უნდა გასაზღვროს კონკრეტული უცხოური თანხები რა მიზნით უნდა დაიხარჯოს და რა საჭიროებებია ჩვენს ქვეყანაში. როდესაც ის თანხა უნდა მოხმარდეს ძალადობის მსხვერპლი ქალების დახმარებას, მაშინ რატომ დაიხარჯა ის ფულები ჩაფხუტებში და პირბადეებში, ბანერებში და ა.შ.?, - ამბობს კუპრაშვილი. 

ცნობისთვის, ორი კვირის წინ, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის სფეროში მომუშავე სულ მცირე რვა არასამთავრობო ორგანიზაციამ - რომელთაგან ბევრი ევროპის საბჭოსა და კომისრის დიდი ხნის პარტნიორია - მიიღო სასამართლო ბრძანებები, რომლებიც გაცემულია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ. ეს ბრძანებები ავალდებულებს მათ, მიაწოდონ ფართო სპექტრის ინფორმაცია, მათ შორის პერსონალური მონაცემები, ანტიკორუფციულ ბიუროს, უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის, გრანტების შესახებ კანონისა და სხვა კანონმდებლობის შესაძლო დარღვევების გამოძიების ფარგლებში.

 

 

მსგავსი სიახლეები