ივანიშვილისთვის 8986 ბიტკოინის გადახდის განაჩენი ბაჩიაშვილმა სააპელაციოში გაასაჩივრა
ბიძინა ივანიშვილისთვის 8986 ბიტკოინის გადახდის/კრიპტოვალუტის საქმეზე გამოტანილი განაჩენი თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, დაპატიმრებულმა გიორგი ბაჩიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ამის შესახებ ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა "პირველებს" განუცხადა.
- ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილ მმართველს ბიტკოინების საქმეზე სასამართლომ 11 წლით თავისუფლების აღკვეთა 10 მარტს მიუსაჯა.
"ჩვენ გავასაჩივრეთ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენი გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოში. პროცესი ჯერ არ არის ჩანიშნული, თუმცა მიგვაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი არის დასაბუთებული, ვინაიდან აღნიშნული განაჩენი არღვევს არა მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, არამედ დარღვეულია ადამიანის უფლებათა კონვენციის მოთხოვნები. ამ სააპელაციო საჩივარში დეტალურად არის დასაბუთებული, როგორც პროცედურული დარღვევები გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ საქმის განხილვის დროს, ასევე თითინ საქმის შინაარსი და ფაქტობრივი უზუსტობები, ის რომ ქმედება არასწორად იქნა შეფასებული და ცხადია, თუ მსგავსი აგდაწყვეტილება იქნება დატოვებული ქვეყნის შიგნით, უკვე სააპელაციო სასამართლოს და უზენაესი სასამართლოს განხილვის შემდგომ, ჩვენ მივმართავთ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს", - განაცხადა ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა.
რახან გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტში ბაჩიაშვილი საქართველოში აღარ იმყოფებოდა, ივანიშვილმა მის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა და ბიტკოინების დაბრუნება მოითხოვა.
მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა საქმე დაჩქარებულად განიხილა და გადაწყევტილება ორ სხდომაში მიიღო და ივანიშვილის მილიარდების ყოფილ მმართველს 8986 ბიტკოინის გადახდა დააკისრა, რაც დღევანდელი კურსით დაახლოებით, ორ მილიარდ ლარზე მეტია. თუ ბაჩიაშვილი, ბიტკოინების გადახდაზე უარს იტყვის, მაშინ მას ქონებას გაუყიდიან და თანხას ბიძინა ივანიშვილს ჩაურიცხავენ.
დასაბუთებაში მოსამართლემ თქვა, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს ის სისხლის სამართლის საქმის გადაწყვეტილება, რომელიც უკვე არის გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ, თუმცა აქ არის ერთი მნიშნელოვანი გარემოება, რომ ეს გადაწყვეტილება არის პირველი ინსტანციის მიერ მიღებული და ადვოკატის თქმით, განაჩენის გასაჩივრების ვადა ამოწურული არ არის, ამიტომაც, მარუაშვილს საქმე დაჩქარებუალდ არ უნდა განეხილა.