"ოცნების" პარლამენტის წევრად აირჩიეს კაცი, რომელიც სავარაუდოდ, გაფიცვის მონაწილეებზე თავდასხმას მეთვალყურეობდა

02.07.25 14:59
 "ოცნების" პარლამენტის წევრად აირჩიეს კაცი, რომელიც სავარაუდოდ, გაფიცვის მონაწილეებზე თავდასხმას მეთვალყურეობდა

"ქართული ოცნების" პარლამენტის წევრად აირჩიეს კაცი, რომელიც საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოქალაქეებზე ძალადობას უყურებდა და ოპოზიციის ცნობით, პროცესს პირადად აკონტროლებდა. 

საუბარია დავით დოლიძე, რომელიც 15 იანვარს თბილისში, დოლიძის ქუჩაზე გადაღებულ კადრებში ჩანს. 

ეს ის დღეა, როცა გაფიცულ მოქალაქეებს ფიზიკურად მათ შორის თბილისის  მერიის თანამშრომლებიც გაუსწორდნენ. მაშინ დოლიძე თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორის თანამდებობას იკავებდა. 

კადრებში, რომელიც "პირველებმა" რამდენიმე თვის წინ მოიპოვა და გაავრცელა, დოლიძე გაფიცულ მოქალაქეებზე ბიტებითა და წიხლებით ძალადობას შორიდან უყურებს და არც არაფერს აკეთებს, რომ მინიმუმ თავდამსხმელები გაანეიტრალოს.  

დავით დოლიძე პარლამენტში, რომელსაც ოპოზიცია ლეგიტიმაციას არ აძლევს, გივი მიქანაძის ადგილმონაცვლედ შევიდა. 

"პირველები" დღეს შეეცადა პასუხები თავად დავით დოლიძესთვის დაესვა - ჩვენი ინტერესის საგანია, გამოიკითხა თუ არა ის პოლიციამ 15 იანვარს მომხდარ ფაქტზე, თუმცა "ქართული ოცნების" მიერ არჩეულმა დეპუტატმა საუბარი არ ისურვა. 

რამდენიმე თვის წინ, მოძალადე ჯგუფთან ერთად, სავარაუდოდ, იმყოფებოდნენ:

  • თბილისის მერიის თანამშრომელი – თენგიზ ფოფხაძე
  • თბილისის მერიის თანამშრომელი – ლუკა ბერბიჭაშვილი
  • თბილისის მერიის თანამშრომელი – გია ზაქარაია
  • თბილისის მერიის სოციალური მზრუნველობის სააგენტოს დირექტორი – დავით დოლიძე

მაშინ თბილისის მერიაში დაადასტურეს, რომ ინციდენტში სოციალური მზრუნველობის სააგენტოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ, თუმცა თქვეს, რომ დაპირისპირება მათ არ დაუწყიათ.

მსგავსი სიახლეები