რა საჭირო იყო გაქცევა? - წულუკიანის კომისიაზე გახარია ონლაინ ერთვება
თეა წულუკიანის კომისიას ამ წუთებში ექსპრემიერი გიორგი გახარია ონლაინ რეჟიმში ერთვება - "ქართული ოცნება" მისივე ყოფილ თანაგუნდელს და მის მიერვე არჩეულ პრემიერ-მინისტრს კითხვებს ქვეყნის დატოვების შესახევ უსვამს.
აგერ არის „one way ticket“. მას მერე, რაც იცოდით, რომ აქ უნდა მოსულიყავით, თქვენ ქვეყნიდან წახვედით, რატომ? - მიმართა თეა წულუკიანმა, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერს, გიორგი გახარიას.
„ბატონო გიორგი, ჩვენ საკმაოდ ადრე შეგატყობინეთ იმის თაობაზე, რომ გვსურდა თქვენთან ამ დარბაზში გასაუბრება ისე, რომ თქვენ, როგორც პირველ შემთხვევაში, ფიზიკურად გამოცხადებულიყავით, მაგრამ ამის შემდეგ თქვენ შეიძინეთ ბილეთი და გაფრინდით, რატომ?“ - მიმართა წულუკიანმა გახარიას.
რაზეც ექსპრემიერმა კომისიას უპასუხა:
„იმიტომ (წავედი ქვეყნიდან) რომ დაგეგმილი მქონდა. მე, როდესაც ჩამბარდა თქვენი მოწვევა, უკვე ბილეთი აღებული მქონდა და შესაბამისად, დაგეგმილი მქონდა ვიზიტი. ეს არის და ეს", - თქვა გიორგი გახარიამ.
„რა საჭირო იყო ქვეყნიდან ასე უცბად გაქცევა, რა ხდება ამ კომისიაზე ისეთი?“ -ჰკითხა წულუკიანმა გახარიას და დასძინა, რომ ექსპრემიერს 11 ივნისს გაუგზავნეს ცნობა იმის შესახებ, რომ კომისიაზე ხელმეორედ იყო მიწვეული, ბილეთი კი 13 ივნისს არის შეძენილი.
„კომისიის კვლევის საგანი გახდა, მე ბილეთი როდის ავიღე?“ - უპასუხა გიორგი გახარიამ წულუკიანს და თქვა, რომ კომისიის თავმჯდომარე "იტყუება".
ვინც არის მატყუარა, ეს კარგად გამოჩნდა წინა სხდომიდან და ის ბილეთი, რაც თქვენ გამოგზავნეთ, აგერ არის - „one way ticket“. ჰო, ეს „one way ticket“-ი კარგია, მოწმობს იმას, რომ 13 რიცხვში, სამის ნახევარზე ბილეთის ერთი, იქეთ გზა გაქვთ ნაყიდი“, - აღნიშნა წულუკიანმა.
გახარიამ საპასუხოდ წულუკიანს უთხრა, მაშინ აღნიშნული საკითხი პროკურატურაში გადაგზავნონ.