"ოცნებამ" კანაფთან და მარიხუანასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლები გაამკაცრა
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მკაცრ რეჟიმს აწესებს კანაფისა და მარიხუანის ფლობასა და მოყვანაზე.
ახალი რეგულაციებით, 10-დან 155 გრამამდე კანაფის, 10-დან 140 გრამამდე ნედლი მარიხუანისა და 5-დან 70 გრამამდე გამომშრალი მარიხუანის ფლობა ექვს წლამდე პატიმრობით დაისჯება.
რაც შეეხება უკანონო დამზადებასა და გადაზიდვას, სასჯელი 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა.
უფრო დიდი ოდენობის შემთხვევაში, მაგალითად:
კანაფის 155–750 გრამამდე,
ნედლი მარიხუანა – 140–500 გრამამდე,
გამომშრალი მარიხუანა – 70–250 გრამამდე,
მათი ფლობა 5-დან 8 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, ხოლო დამზადება/გადაგზავნა — 6-დან 9 წლამდე.
მკაცრდება სასჯელი კანაფის მოყვანაზეც:
155 გრამამდე მოყვანისთვის პირი 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას დაექვემდებარება. ალტერნატივად გათვალისწინებულია შინაპატიმრობა ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა.
დარეგულირდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობაც:
მანამდე, მცირე ოდენობით მარიხუანის მოყვანისთვის 500 ლარიანი ჯარიმა იყო გათვალისწინებული. ცვლილების შემდეგ ჯარიმა 500-დან 5000 ლარამდე იზრდება, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა — 15-დან 60 დღემდე.
გარდა ამისა, 260-ე მუხლში შეტანილი ჩანაწერის მიხედვით, კანაფი და მარიხუანა ნარკოტიკულ საშუალებებად განიხილება და გათანაბრებულია სხვა მსგავსი პრეპარატების სამართლებრივ კატეგორიასთან.