ფინანსურ დანაშაულში მსჯავრდებულისთვის სარგებლის გადაცემა კანონით აიკრძალება - ახალი კანოპროექტი
"ოცნების" პარლამენტმა დღეს, 2 ივლისს მეორე მოსმენით განიხილა კანონპროექტი, რომელიც ფინანსურ დანაშაულზე მსჯავრდებულებთან დაკავშირებულ სარგებლის გადაცემას კრძალავს. ცვლილებები "ქართული ოცნების" მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტში შევიდა და მათ შორის, სერიოზულ ახალ წესებს აწესებს.
კანონპროექტის თანაავტორის, არჩილ გორდულაძის განცხადებით, ცვლილებების მიზანია, მსჯავრდებულებმა რეალურად აანაზღაურონ მიყენებული ზიანი და არ ისარგებლონ ფუფუნებით, სანამ ზარალი დაზარალებულს არ ექნება სრულად ანაზღაურებული.
რა შეიცვალა:
- სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომელიც კრძალავს მსჯავრდებულისთვის გარკვეული ოდენობის გადაცემას, თუკი მან ზიანი არ აანაზღაურა;
- თუ მსჯავრდებული არ გადაიხდის კომპენსაციას და მიიღებს საარსებო მინიმუმის ორჯერად ოდენობაზე მეტ სარგებელს, დაისჯება ჯარიმით ან 3 წლამდე პატიმრობით;
- ამავე პირობებში, სარგებლის გადამცემ პირს შეიძლება, 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა დაეკისროს;
- გამონაკლისია მხოლოდ თანხის ბანკში ელექტრონულად გადარიცხვა და უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემა — ეს აქტივები ავტომატურად ყადაღაში ექცევა და დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურებისთვის გამოიყენება.
ვის ეხება ეს ცვლილება:
ახალი რეგულაცია შეეხება მხოლოდ იმ მსჯავრდებულებს, რომლებიც სასჯელს იხდიან შემდეგ დანაშაულებზე: თაღლითობა, გამოძალვა, გაფლანგვა, ქონების დაზიანება, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ფინანსური კიბერდანაშაულები და სხვა მსგავსი შემთხვევები, როდესაც მიყენებული ზარალი 10,000 ლარს აღემატება.
დამატებითი ზომები:
- გარკვეული ქონება, მათ შორის ახლო ნათესავებზე გადაცემული და სიმბოლურ ფასად გადაცემული ქონება, შესაძლოა მიექცეს დაზარალებულისთვის ზარალის ასანაზღაურებლად;
- მკაცრდება პროცესუალური ზომებიც — მაგალითად, საზღვრის გადაკვეთის აკრძალვა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში გადადის და ის მოქმედებს მსჯავრდებულზე, ვინც ზარალს არ ანაზღაურებს;
გამარტივდება კომპენსაციის მოთხოვნის პროცედურებიც დაზარალებულებისთვის.
შემდგომი ეტაპები:
კანონპროექტს მესამე მოსმენით საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ. არჩილ გორდულაძის თქმით, შესაძლებელი იქნება დამატებითი ცვლილებების წარდგენაც.