"ამ შენობაში მოვდივართ არა სამართლის საძებნელად, არამედ დასასჯელად" - გზის გადაკეტვის საქმე არსებით განხილვაში გადავიდა
"თბილისი მოლთან" გზის გადაკეტვის საქმეზე, დღეს, მხარეებმა მოსამართლეს შესავალი სიტყვით მიმართეს და უკვე მეორედ, პროცესზე, დაცვის მხარემ, 8 პირის მიმართ, სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტა მოითხოვა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
საგამოძიებო უწყების განცხადებით, თბილისი მოლის მიმდებარე ტერიტორია სტრატეგიული ობიექტია და შესაბამისად პირებმა, რომლებიც აქციის დროს ადმინისტრაციული წესით დააკავეს, ხელოვნურად შექმნეს ბარიერი მანქანებისთვის.
სასამართლოში პროცესები, დღეს, არსებით განხილვაში გადავიდა.
"კოალიცია ცვლილებისთვის" წევრი დიმიტრი ბიძინაშვილი ამბობს, რომ სასამართლოს შენობაში არა სამართლის საძებნელად, არამედ დასასჯელად მიდიან და ვარაუდობს, რომ ეს საქმე დასრულდება განაჩენით, რომელიც იქნება გამამტყუნებელი.
ბრალი რომელიც წარდგენილი მაქვს სასაცილო არის, მაგისტრალზე გადარბენის მცდელობაში მადანაშაულებენ და მეუბნებიან, რომ რომ არა ისინი და რომ არა "ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა სამინისტრო მე გზაზე გადავირბენდი.
ძალიან კარგად ვიაზრებ, რომ ეს საქმე ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური პატიმრის საქმე დასრულდება განაჩენით, რომელიც იქნება გამამტყუნებელი.
ამ შენობაში მოვდივართ არა სამართლის საძებნელად, არამედ დასასჯელად, ასე მოაწყო "ქართულმა ოცნებამ" სასამართლო სისტემა. მოსამართლე არა კანონს, არამედ პარტია "ქართულ ოცნებას" ემსახურება და გადაწყვეტილების მიღებისას ბრძანება მოსდის ზემოდან" - განაცხადა დიმიტრი ბიძინაშვილმა.
სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე აღნიშნავს, რომ როდესაც ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა, რა თქმა უნდა, მოლოდინი გამამტყუნებელი განაჩენია.
"ქართული ოცნების", მორჩილი პროკურატურის და ამ სრულიად მოშლილი სასამართლოსთვისაც კი უპრეცედენტოა 8 ადამიანის პროცესი მიმდინარეობდეს ისე, რომ დანაშაულს საერთოდ ადგილი არ ჰქონია. უბრალოდ ესეთი დანაშაული ბუნებაში არ არსებობს. არ არსებობს დანაშაული ქალაქში ქუჩა გადაკეტო და ის იყოს დანაშაული.
ასე რომ, როდესაც ასეთ ცირკში გიწევს მონაწილეობის მიღება გასაგებია, რომ არის პოლიტიკური დავალება, თორემ პირველკურსელი, ელემენტარული თავმოყვარეობის იურისტიც კი არ დაუშვებდა ამ საქმეზე დროის დაკარგვას, ქაღალდის გაფლანგვას და 8 ადამიანის ტარებას სასამართლოში.
ამიტომ, როდესაც ასეთი პოლიტიკურად მოტივირებული დევნაა, რა თქმა უნდა, მოლოდინი ყოველთვის გვაქვს უარესის, ანუ ბოლომდე ამ პროცესის მიყვანის, გამამტყუნებელი განაჩენის," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მთავრობის სახელით მიღებული გადაწყვეტილებით, ირაკლი კობახიძემ აღმაშენებლის ხეივანი, მათ შორის თბილის მოლის მიმდებარე ტერიტორია, იქ აქციის გამართვამდე, 2 თებერვლამდე, 2 დღით ადრე შეიყვანა სტრატეგიული ობიექტების სიაში და კანონში გაწერა, რომ გზის გადაკეტვისთვის აქციის მონაწილეებს დასჯიდა.
შეგახსენებთ, 5 თებერვალს გიგი უგულავას, დიმიტრი ბიძინაშვილს, ირაკლი ტაბატაძეს, ირაკლი წიგნაძეს, ალექსანდრე გოგოლაძეს 5000 ლარიანი გირაო, ნიკოლოზ ქუმსიშვილს 4000-ლარიანი, ვასილ ელიავას, ნიკოლოზ კუტუბიძეს 3500-ლარიანი გირაო შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ მიიღო და ამით პროკურატურის შუამდგომლობა ცვლილებით დააკმაყოფილა.
2 თებერვალს „თბილისი მოლთან" მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სამართალდამცავებმა ჯამში 31 პირი ადმინისტრაციული წესით დააკავეს, თუმცა, 4 თებერვალს 8 პირს, მათ შორის, ოპოზიციონერ პოლიტიკოს გიგი უგულავას, სისხლის სამართლის კოდექსით გადაუკვალიფიცირდა.
წარდგენილი ბრალდება 2-დან 4- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
[ფოტო: არქივიდან]