ხმაური და დაპირისპირება საქალაქო სასამართლოში - მანდატურმა მოქალაქეები შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანა
ხმაური იყო თბილისის საქალაქო სასამართლოში - სინდისის პატიმრის გიორგი მინდაძის პროცესის დაწყებამდე, მანდატურის სამსახურსა და მოქალაქეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
აქტივისტებისა და მინდაძის ოჯახის წევრების უკმაყოფილება, პროცესის მე-15 დარბაზში ჩატარებამ გამოიწვია, ეს დარბაზი იმდენად მცირე ზომისაა, რომ ყველა მსურველი შესვლას ვერ ახერხებს.
მანდატურებმა მოქალაქეები, ვინც პროტესტი გამოთქვა, შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
ამ წუთებში მათ დარბაზთან მისასვლელი გადაკეტილი აქვთ და მოქალაქეებს გადაადგილებას უზღუდავენ.
აქტივისტების ცნობით, დაპირისპირების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა - აგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მინიმუმ 2 მოქალაქეს აღმოუჩინა პირველადი სამედიცინო დახმარება.
საბოლოოდ, მოსამართლე ნინო გალუსტაშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და სხდომას მცირე დარბაზში ატარებს.
ცნობილია, რომ გიორგი მინდაძე დასკვნით პროცესზე სიტყვით ისარგებლებს - არ არის გამორიცხული, რომ მოსამართლემ განაჩენი დღესვე გამოაცხადოს.
სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტს, 21 წლის გიორგი მინდაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარუდგინეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ სტუდენტმა 29 ნოემბერს, პოლიციელს პიროტექნიკა ესროლა, რის შედეგადაც მან ფეხზე დაზიანება მიიღო.
შენიშვნა: თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაღებულ ვიდეოკადრებს მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.