არსებობს საფრთხე, დამკვეთმა ჭელიძე და კავილაძე მოკლას - ნიკა კვარაცხელიას ოჯახის საგანგებო განცხადება
დედაქალაქის ცენტრში მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი საგანგებო განცხადებას ავრცელებს და მკვლელობაში ბრალდებულების, აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცავებისთვის გადაცემას სთხოვს.
კვარაცხელიას ოჯახი ეჭვობს, რომ რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, შესაძლოა, დამკვეთმა ბრალდებულების ლიკვიდაცია მოახდინოს.
ჩვენ კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს, დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.
კვარაცხელია თბილისში, ანჯაფარძის ქუჩაზე, 15 სექტემბერს ცეცხლსასროლი იაღარით მოკლეს. მკვლელობაში ბრალდებულად გამოძიებამ აკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაასახელა, თუმცა ორივე მათგანმა მიმალვა მოახერხა.