„დაანებეთ ტრაბახს თავი, მივხედოთ ჯანდაცვას“ - სურგულაძე მედიცინაში არსებულ კრიზისზე საუბრობს
ბოლო 10 წელიწადში მედიკამენტებისა და სამედიცინო მომსახურების ფასები საქართველოში თითქმის გაორმაგდა - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრმა ვახტანგ სურგულაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ტკივილგამაყუჩებლები გაძვირდა 250%-ით, თერაპევტთან კონსულტაცია - 100%-ზე მეტით, ხოლო სტაციონარული მომსახურება ბოლო ერთ წელიწადში 10%-ით გაიზარდა.
სურგულაძე პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში ჯანდაცვა არ არის ხელმისაწვდომი, ხარისხიანი მედიკამენტები ბაზრიდან გაქრა, და ვითარების გამოსწორება მხოლოდ მაშინ გახდება შესაძლებელი, თუ ჯანდაცვა სახელმწიფო პრიორიტეტად იქცევა.
ჟურნალ "ფორბსის" მონაცემებით, ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში გაორმაგდა მედიკამენტების და სამედიცინო მომსახურების ფასები. კონკრეტულად: ტკივილგამაყუჩებლების ფასები გაიზარდა 250%-ით, კონსულტაცია თერაპევტთან 100%-ზე მეტით არის გაზრდილი და აღარაფერს ვამბოლბ ვიწრო სპეციალისტებზე. ბამბის ფასიც კი 60%-ით არის გაზრდილი და ანტიბიოტიკები, რომლებიც ყველაზე საჭიროა მძიმე დაავადებების დროს, 70%-ით გაიზარდა.
არ გვეგონოს, რომ ეს რომელიმე ენჯეოს ჩატარებულია. ეს მონაცემები არის საქსტატიდან აღებული მონაცემები. შორს რომ აღარ წავიდეთ, ბოლო 1 წლის განმავლობაში თითქმის 10%-ით არის გაზრდილი სტაციონალური მომზახურება. რომ ჩავთვალოთ, რომ საშუალო ფასი ქირურგიული ოპერაციის 4-5 ათასია, სადღაც 500 ლარით არის გაზრდილი ფასები სტაციონალურ მომსახურეობაზე.
ის ტრაბახი, რომელიც ჩვენ გავიგონეთ და გვესმის მთავრობის მეთაურისგან პარლამენტის წინ რომ ჩვენნაირი ჯანდაცვა არავის აქვს, არ არის ასე. იმას რომ ტრაბახობენ, რომ წამლები შემოგვაქვს უფასოდ, რა ხარისხის წამლები და როგორ შემოაქვთ? პაციენტი კი არ უნდა შეუსაბამო წამალს, პირიქით, ის მედიკამენტია საჭირო, რომელიც უშუალოდ პაციენტს ესაჭიროება. ამასია საქმე და რეფერენტული ფასები, რომელმაც, პრაქტიკულად, განდევნა ჩვენი ბაზრიდან ხარისხიანი მედიკამენტები და გააჩინა შავი ბაზარი. გვახსოვს თურქული ბაზრის გახსნა. ვერაფერმა შედეგი ვერ მოიტანა.
საყოველთაო ჯანდაცვა, რომეიც არ არის საყოველთაო, ვერ იქნება ხარისხიანი, იმიტომ, რომ პრაქტიკულად, 2013 წლიდან ის ფასები, რომლებსაც სახელმწიფო უხდის სამედიცინო დაწესებულებას, ძალიან მცირედ არის გაზრდილი. და ტრაბახი იმით, რომ 35 ლარით პენსია გაიზარდა, ეს არაფერს ნიშნავს.
რა ხდება? ხდება ის, რომ ადმაიანები, რომლებსაც რეალური პრობლემა აქვთ, ყველა მიდის უცხოეთში - თურქეთი, გერმანია, ისრაელი, ავსტრია. როგორ გამოსწორდეს? გამოსწორების გზა ერთადერთია: ჯანდაცვა და მედიცინა უნდა გახდეს პრიორიტეტი. ამას სჭირდება პოლიტიკური ნება და არა კორუფციაში გაპარული თანხები. და მხოლოდ განათლებულ და ჯანმრთელ ხალხს შეუძლია, რომ ქვეყანას მისცეს განვითარება და ჩვენ გავხდეთ მართლა განვითარებული ქვეყანა.
ამიტომაც, დაანებეთ ტრაბახს თავი, მივხედოთ ჯანდაცვას და მივხედოთ ადამიანებს, რომლებსაც რეალურად ესაჭიროებათ მკურნალობა და ხელმისაწვდომი მედიკამენტები, - განაცხადა ვახტანგ სურგულაძემ.