პაპუაშვილი უარყოფს, რომ „ოცნებამ“ პორტოს დეკლარაციას მხარი დაუჭირა
შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტს და მის პარტნიორ ქვეყნებს ცილისწამებასა და დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, "ოცნების" დელეგაციას პორტოს დეკლარაციისთვის მხარი არ დაუჭერია.
პაპუაშვილი განსაკუთრებით აკრიტიკებს უკრაინის დელეგაციას, ჯო უილსონს, პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებს, რომლებიც, მისი მტკიცებით, დაუმსახურებლად უპირისპირდებიან საქართველოს. პაპუაშვილი ირწმუნება, რომ ევროპარლამენტი ცილისწამების ავტორად გადაიქცა და მის რეზოლუციებს პოლიტიკური ინტრიგების ნაწილად მიიჩნევს.
არაფრისთვის არ დაგვიჭერია მხარი. სიცრუე და დეზინფორმაცია სადაც იწერება, იმ რეზოლუციას ჩვენი მხარდაჭერა არ აქვს. თავად დოკუმენტს ჩვენი მხარდაჭერა ექნებოდა, რომ არა ჯო უილსონი და უკრაინის დელეგაცია, ცნობილი ჯგუფები – პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, რომლებიც, არ ვიცი, რატომ ერჩიან ასე ქართველ ხალხს, რა გაგვიკეთებია სიკეთის მეტი, რომ ასე უნდათ ქართველი ხალხი დააზიანონ.
როდესაც ტყუილი იწერება პოლიტიკური ინტრიგებისთვის სხვადასხვა დოკუმენტებში და ამის გამოცდილება ჩვენ გავქვს, ევროპარლამენტი ამის ყველაზე კარგი მაგალითია, რომელიც ცილისწამების ცნობილ ავტორად იქცა თავისი რეზოლცუებით თუ პასეს დოკუმენტებში, რა თქმა უნდა, ამას ჩვენი მხარდაჭერა არ ექნება, - თქვა პაპუაშვილმა.
ინფორმაცია თავდაპირველად "ნეტგაზეთმა" ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრესსამსახურის წერილზე დაყრდნობით გაავრცელა, სადაც ასამბლეიდან მედიაგამოცემას სწერდნენ, რომ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, კრიტიკული განწყობების მიუხედავად, დეკლარაციას მხარი მაინც დაუჭირეს. მათივე ცნობით, "ოცნების" წევრებმა მხარდაჭერა გამოხატეს ასევე იმ რეზოლუციის მიმართაც, რომელიც ამ დეკლარაციის თანმდევია.