"საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე მისი გავლენა აშკარაა" - ემზადება თუ არა ბრიტანეთი ივანიშვილის სანქცირებისთვის
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, საქართველოში არსებული ვითარების შესახებ, კითხვით ბრიტანელმა პარლამენტარმა, ჯეიმს მაკლერმა მიმართა. მაკლერს აინტერესებდა, როდის შეიძლება, ბრიტანული სანქციები პირადად ივანიშვილზე გავრცელდეს.
პასუხად სტივენ დაუთი მიანიშნებს, რომ სტარმერის მთავრობაში საკითხზე მუშაობენ. ამასთან, განმარტავს, რომ სანქციების შესახებ საჯარო საუბარი არ ხდება, რათა არ შემცირდეს მათი პოტენციური ეფექტიანობა.
დაუთი ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში დემოკრატიული პროცესების უკუსვლა თვალსაჩინოა და აცხადებს, რომ ოპოზიციონერი ლიდერების - ჯაფარიძის, ხაზარაძისა და ვაშაძის წინააღმდეგ გამოტანილი სასჯელები პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზნად ისახავდა მათი არჩევნებში მონაწილეობის დაბლოკვას.
სერიოზულად შეშფოთებული ვარ რამდენიმე ცნობილი ქართველი ოპოზიციური ფიგურის, მათ შორის ბატონი ჯაფარიძის, ბატონი ხაზარაძისა და ბატონი ვაშაძის მიმართ ბოლო დროს გამოტანილი სასჯელებით. ეს სასჯელები აშკარად პოლიტიკურად მოტივირებული იყო და მიზნად ისახავდა პოლიტიკური ოპოზიციის მომავალ არჩევნებში მონაწილეობის დაბლოკვას. 23 ივნისს მე მოვუწოდე „ქართულ ოცნებას“, შეეწყვიტა სასამართლოების ბოროტად გამოყენება განსხვავებული აზრის ჩასახშობად და გაეთავისუფლებინა ყველა პოლიტიკური პატიმარი. საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების სამინისტრომ (FCDO) 30 ივნისს დაიბარა საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, რათა ნათლად გამოეხატა გაერთიანებული სამეფოს მტკიცე წინააღმდეგობა საქართველოს სულ უფრო მავნე ტრაექტორიის მიმართ. ჩვენ ვაგრძელებთ გაუარესებული სიტუაციის ყურადღებით მონიტორინგს და 1 ივლისს ვესაუბრე რამდენიმე ევროპელ პარტნიორს ჩვენი კოლექტიური შეშფოთების განსახილველად.
მე მუდმივად გამოვთქვამ ჩემს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს გაუარესებული დემოკრატიული ტრაექტორიის შესახებ, რამაც უარყოფითად იმოქმედა გაერთიანებული სამეფო-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებზე. არსებული სიტუაციის ნებისმიერი შეფასება ასევე უნდა ითვალისწინებდეს ბატონი ივანიშვილის და მისი თანამოაზრეების გავლენას საქართველოს პოლიტიკურ ლანდშაფტზე.
ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს და არ ვსპეკულირებთ სამომავლო სანქციების შესახებ არანაირ კონტექსტში, რადგან ამან შეიძლება შეამციროს მათი ეფექტურობა, - აცხადებს დაუთი.