კობახიძე ბიზნესმენებს შეხვდა - რაზე ისაუბრეს დახურულ კარს მიღმა

"ოცნების" პრემიერი ყველაზე მსხვილი კომპანიების მფლობელებს დახაურულ კარს მიღმა ორი საათის განმავლობაში უხსნიდა, რას და რატომ აკეთებს. "წინ მივდივართ" - ეს იყო კობახიძის მთავარი სათქმელი იმ ბიზნესმენებისთვის, ვისზეც კრიზისი უკვე აისახა. ივანიშვილის სანდო კაცი ბიზნესთან ამაყობდა, როგორ შეამცირა სახელმწიფო კომპანიებში სამუშაო ადგილები - ანუ გაუშვა ხალხი, ვინც ფულს არაფრის კეთებაში იღებდა.
დღეს ბიზნესს სითამამე აკლდა. მთავრობის ირიბი კრიტიკაც კი ვერ გაბედეს. არადა, დეკემბერში ანალოგიურ შეხვედრაზე ბიზნესმენები უფრო თამამები იყვნენ.
დღეს კარგად ჩანდა ორად დაყოფილი ბიზნესმენები - პრივილეგირებულები მთავრობის ადმინსიტრაციაში კობახიძის შესასვლელიდან შევიდნენ, დანარჩენები კარიდან, რომლითაც რიგითი თანაშრომლები სარგებლობენ.
როგორც შეხვედრის შემდეგ გაირკვა, განხილვის საკითხი ის გამოწვევები იყო, რომელიც ქვეყანაში არსებობს. თუმცა რაში ხედავენ გამოსავალს ბიზნესმენები ან კობახიძე, ამაზე არ საუბრობენ.
ძირითადად, ეკონომიკაზე, მომავალზე და გამოწვევებზე ვისაუბრეთ.
საუბარი იყო, თუ რა გზით შეიძლება, გაიზარდოს ეკონომიკა.
გაგვაცნო ეკონომიკური მდგომარეობა და სიახლეები და ასევე, ბიზნესსაც ჰქონდა საშუალება, რომ კითხვები დაესვა, - ამბობდნენ შეხვედრიდან გამოსულები.
დღეს "პირველებმა" ბიზნესმენებს ჰკითხა, როგორ აისახება მასშტაბური დაკავებები ბიზნესის განწყობებზე და რა დამატებითი გამოწვევები ჩნდება.
ბიზნესმენების ნაწილი ამბობს, რომ ამგვარ დაკავებებს ბიზნესის თუ ეკონომიკის განვითარებაზე დადებითი შედეგი ვერ ექნება.
"პირველებმა" მათ ასევე ჰკითხა, დადგებოდა თუ არა კობახიძესთან შეხვედრისას დღის წესრიგში ხაზარაძე-ჯაფარიძის საკითხი, რაზეც მათ თქვეს, რომ ამგვარი საკითხის დაყენებას, შეხედრის ფორმატი არ ითვალისწინებდა.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.